PACE–ს თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ქვეყნის მონიტორინგის ფარგლებში 12–14 ოქტომბერს თბილისს სტუმრობენ.

ორი თანამომხსენებელი, ლატვიელი დეპუტატი სოციალისტური ჯგუფიდან (SOC) ბორის სილევიჩი და შვედი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE), კერსტინ ლანდგრენი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორს და სახალხო დამცველს, ასევე დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„განსახილველ საკითხებს შორისაა ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის სასამართლო სისტემის, პოლიციის და უშიშროების ძალების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და მედიის კუთხით არსებული ვითარება, ასევე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული მოვლენები“, – განაცხადა PACE–მ პრესრელიზში.