თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისი ავღანეთში ნატოს მისიის მიმართ ერთგული რჩება

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილესთან რობერტ უორკთან ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების გამოყვანის ტემპის შენელების შესახებ გააკეთა განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატები 2016 წლის ბოლომდე დატოვებს თავის 9 800 სამხედროს ავღანეთში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხიდაშელმა „აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე“.

სატელეფონო საუბარი ასევე შედგა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალს, ფილიპ ბრიდლავს შორის. ეს უკანასკნელი ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურია. 

„საუბარი ასევე შეეხო ავღანეთში მომავალი მისიის განხორციელების გეგმებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველო, დაახლოებით, 885 სამედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.

ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.

ავღანეთში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი 31-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელიც  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა, პატრულირების დროს დაიღუპა.