საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ქუთაისში წყალარინების ინფრასტრუქტურისთვის 100 მლნ ევროს სესხს მიიღებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს, რომელიც ქუთაისში წყალარინების  (საკანალიზაციო) სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდება.

თანხა მუნიციპალური წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის და გაფართოებისთვის, ასევე ქუთაისში ნარჩენი წყლების მექანიკური და ბიოლოგიური გადამუშავების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ეს არის უფრო ფართო პროექტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს წყალმომარაგების და ნარჩენი წყლების სისტემაში ინვესტიციებს დასავლეთ საქართველოს რამოდენიმე მუნიციპალიტეტში. პროექტის საერთო მოცულობა 280 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 172 მილიონი ევროს თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს. პროექტი ასევე შეიცავს გრანტებს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდისგან (4.75 მილიონი ევრო) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდისგან (3.25 მილიონი ევრო).

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დეკემბერში 108 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, რომელიც ზუგდიდში წყალგაყვანილობის და ფოთში წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას ხმარდება.   

„წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია, რაც შეესაბამება მთავრობის პრიორიტეტებს. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ მთელი რიგი პროექტები ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით და ეს კიდევ ერთი სესხია, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ, რომელიც თბილისში იმყოფება და 15–16 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

14 ოქტომბერს ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ 15 მილიონი ევროს სესხი გამოუყო "პროკრედიტბანკს" მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელმაც დაახლოებით 6 თვის წინ თბილისში სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი გახსნა, 2010 წელს ქვეყანაში საქმიანობის დაწყების შემდეგ 548 მილიონი ევროს ოდენობის სესხები გასცა.