საგარეო ურთიერთობები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 17 პროცენტული პუნქტით, 61%-მდე დაეცა საქართველოში გამოკითხული იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვისთვისაც მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) დაკვეთილ კვლევაში, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.
კითხვაზე „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას“, 31%-მა დადებითად უპასუხა, რაც 2015 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შემდეგ უცვლელი მონაცემია, ხოლო 46%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, რაც ოთხი თვით ადრე არსებულ მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება.
კვლევა, რომელიც 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4 448 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს ეყრდნობა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 3.01% შეადგენს, იმ უფრო ფართო გამოკითხვის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს პოლიტიკურ რეიტინგებს და საზოგადოებრივ განწყობებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელ მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით, 30% კი თვლის, რომ სარგებელი მეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ამ მოსაზრებებიდან არცერთს არ ეთანხმება 10%, პოზიცია არ აქვს 14%-ს.
იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს, აპრილის შემდეგ 4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო 2014 წლის აგვისტოს შემდეგ – 9 პროცენტული პუნქტით.
მათი რაოდენობა კი, რომელთა აზრითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანს (30%), 2014 წლის აგვისტოს შემდეგ 11 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
კვლევის თანახმად, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები, თავის არჩევანს უმეტესად ეკონომიკური სარგებლით (71%) ხსნიან და არა პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივით მაშინ, როცა ევროკავშირის მხარდამჭერთა 68% მიუთითებს საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებელზე. ევრაზიული კავშირის მომხრეების მხოლოდ 7% ამბობს, რომ წევრობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაშინ როდესაც ევროკავშირის მომხრეთა 21%–ს სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
“თუკი უფრო სიღრმისეულად შევხედავთ საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებს ევროკავშირისა და ევრაზიის კავშირის შესახებ, დავინახავთ, რომ მოქალაქეებს მეტწილად ერთნაირი მოტივი ამოძრავებთ; ეს მოტივი არის ეკონომიკური და არა პოლიტიკური“, – განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა.
„ამრიგად, როდესაც ევროკავშირის ალტერნატიული კურსის მხარდაჭერაზე ვმსჯელობთ, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ის ფაქტორები რაც მოსახლეობის არჩევანს განაპირობებს. არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა პრორუსული კურსის პოლიტიკური მხარდაჭერაა,” – აღნიშნა მან.
კვლევის თანახმად, ქალაქებს შორის ქუთაისში ყველაზე მეტი რესპოდენტი (62%) აკეთებს არჩევანს ევროკავშირისა და ნატოს სასარგებლოდ, შემდეგ მოდის თბილისი (56%); მცხეთა (52%); ახალციხე (51%); თელავი (43%); ბათუმი (42%); გურჯაანი (42%); ზუგდიდი (39%); გორი (37%); და ოზურგეთი (31%).
ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან 51% ანიჭებს უპირატესობას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას; ამავე პოზიციაზეა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 64%.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)