საგარეო ფულადი გზავნილები იანვარ–სექტემბერში 26.7%–ით შემცირდა
ეროვნული ბანკის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში საგარეო ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 26.7%–ზე მეტით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 802.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შარშანდელთან შედარებით, სექტემბერში გზავნილებმა 32.9% იკლო მას შემდეგ, რაც აგვისტოსა და ივლისში, შესაბამისად, 35.1%-იანი და 31.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რომელიც საქართველოსთვის უმსხვილესი წყაროა, 41.7%–ით შემცირდა იანვარ–სექტემბერში შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით და 322.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მეორე უმსხვილესი წყარო იყო 2015 წლის ივლისამდე, 41.4%–ით შემცირდა და 91.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში.
ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან 79.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (12.9%–ით შემცირდა); შემდეგ მოდის აშშ – 64.3 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 53.4 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი – 22.9 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი – 19.6 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 19 მლნ აშშ დოლარი.
2014 წელს ფულადი გზავნილების ოდენობა 2.45%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ს, დაახლოებით, 8.7%–ია.