პროკურატურამ ნიკა გვარამია შანტაჟის ბრალდებებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხა
მთავარმა პროკურატურამ შანტაჟის ბრალდებებთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ „მეგობარი“, ვინც გვარამის განცხადებით, მას „სამთავრობო მესიჯებს“ გადასცემდა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია.
გვარამიამ თავად არ გაამჟღავნა ამ პირის ვინაობა, რომელსაც მისი თქმით, „სამთავრობო მესიჯები“ არაერთხელ მიუწოდებია მისთვის. მან 21 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მას ეს პირი შეხვდა და გადასცა ხელისუფლების გზავნილი, რომ „რუსთავი 2“-ისგან „გაწეულიყო“, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები და შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ მისი ოჯახის წევრებსაც. გვარამიამ დაკითხვის შემდეგ, განაცხადა, რომ მან გამოძიებას დაუსახელა ამ პირის ვინაობა და ასევე გადასცა გუშინ მისი „რუსთავი 2“-ში სტუმრობის დამადასტურებელი ვიდეო კადრები.
„საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით“, – განაცხადა პროკურატურამ 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მან ასევე შესთავაზა გვარამიას მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
„ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი“, – განაცხადა გვარამიამ დაცვის შეთავაზებაზე, „ნამდვილად არ ვგეგმავ, რომ ის ვისგანაც ყველაზე დიდი საფრთხე მოდის, ის ავიყვანო დაცვად“.
დაკითხვაზე გვარამია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან მივიდა, რომელზეც ის არ დაასწრეს, ვინაიდან მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ წინა მოსმენაზე ის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის მოტივით დარბაზიდან გააძევა.
გვარამიამ შანტაჟის თაობაზე 21 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ მას ასევე შეუთვალა, რომ მოსამართლე „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენის გამოტანას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი იყო და საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს, 22 ოქტომბრისთვის აპირებდა, რასაც შემდეგ უნდა მოყოლოდა ამ განჩინების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლოს დღევანდელი სხდომა განაჩენის გამოტანის გარეშე, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის ეტაპზე დასრულდა და მომდევნო სხდომა 26 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
„რა ინფორმაცია აქვთ მათ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჯერ არ გამოსულა, როდესაც ჩვენ მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები გვაქვს და ზეპირი განხილვა არ ყოფილა ამ საქმისა და მე პირდაპირ ვამბობ, რომ მინიმუმ რამდენიმე დღე მაინც დაჭირდება იმას, რომ როდესაც დამთავრდება არსებითი განხილვა სასამართლო პროცესისა, შემდეგ ჩამოყალიბდეს მოსამართლის თავში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა მოსამართლე ურთმელიძემ დღევანდელ პროცესზე.
მოსამართლემ დღეს მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების უმეტესობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის წინა სხდომის მსგავსად უარი განაცხადა ამ საქმიდან თავის აცილებაზე, რაც „რუსთავი 2“-ის დამცველებმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მან ასევე უარი თქვა მესამე მხარის სტატუსით საქმეში იმ ოფშორული კომპანიების ჩართვის თაობაზე, რომლებთან გარიგების შედეგადაც „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა ტელეკომპანიის წილები გადაიფორმეს.
მოსამართლე ურთმელიძემ მოპასუხე მხარის ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეზე მტკიცებულებების სახით დართული იმ საგაზეთო პუბლიკაციების ასლების დაუშვებლობას დაუჭირა მხარი, რომელიც, მოსარჩელე მხარის აზრით, ქიბარ ხალვაშის მიერ წილის იძულებით დათმობის ვერსიას ამყარებდა.
კიდევ ერთ შუამდგომლობაზე, რომელიც მოპასუხე მხარემ დღეს დააყენა და „რუსთავი 2“-ისთვის დადებული ყადაღით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ეხება, მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს დანიშნულ მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.
სასამართლო პროცესის მსვლელობის პარალელურად „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ისე თავად ტელეკომპანიის შენობებთან. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და 9-საათიანი "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს ორშაბათს შეკრებისკენ კვლავ მოუწოდა; მისი თქმით, იმის გამო, რომ „გაიგეს ხალხის ხმა“, მოსამართლე „ურთმელიძემ უკან დაიხია და ვერ გაბედა გადაწყვეტილების გამოცხადება“.