ბერლინში საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 28 ოქტომბერს ბერლინში შეხვდა.
მინისტრების თქმით, მათ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხების, ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, რუსეთთან ურთიერთობების და უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
FM #Steinmeier welcomes #Georgia’s FM #Kvirikashvili. Good exchange on econ. coop., #EU association, #Ukraine+#Syria pic.twitter.com/jF24uwZjNk
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) October 28, 2015
შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს გერმანიისგან ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან გერმანელ კოლეგასთან ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხი განიხილა.
„ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის მხარდაჭერა. საქართველომ სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი კარგად დაასრულა, ახლა ველოდებით [დეკემბერში ევროკომისიის] დადებით ანგარიშს და ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისგენს. კვირიკაშვილმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ასევე გამართა შეხვედრები გერმანიის ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.