საგარეჯოსა და მარტვილში 31 ოქტომბერს შუალედური არჩევნები იმართება
31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილის ერთმანდატიან ოლქებში შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტის მაჟორიტარი მანდატების მოსაპოვებლად ერთმანეთს ძირითადად მმართველი კოალიცია ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს:თამარ ხიდაშელი, ქართული ოცნებიდან, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია; ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი; და სამი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს – მიხეილ ანდღულაძე; გიორგი დავითაია; და ზურაბ ჯორბენაძე.
მარტვილში, საგარეჯოს მსგავსად, ძირითადი კონკურენცია ქარული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებს შორის არის მოსალოდნელი. მარტვილის ოლქში მხოლოდ ამ ორი სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები არიან რეგისტრირებული: ქართული ოცნებიდან სოსო დანელია და პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველია.
საგარეჯოს 50 საარჩევნო უბანზე 46 082 ამომრჩეველი, ხოლო მარტვილის 39 უბანზე 33 510 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა შაბათს, დილის 8 საათიდან უნდა დაიწყოს.
კანონმდებლობის თანახმად, შუალედურ არჩევნებს მოიგებს კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩა, მაშინ გაიმართება მეორე ტური ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაწილეობით და გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.
მარტვილში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმან, რომ მარტში ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა; საგარეჯოში მაჟორიტარის ვაკანსია კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ოლქიდან არჩეული ქართული ოცნების დეპუტატი თინა ხიდაშელი მაისში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
შუალედურ არჩევნებს ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა და ასევე, 11-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი აგვისტოში ჯერ კიდევ მანამ გამოუცხადეს, ვიდრე ცესკო არჩევნების თარიღს ოფიციალურად დანიშნავდა.