უსუფაშვილის თქმით, საგარეჯოს შუალედური არჩევნებიდან ქართულმა ოცნებამ ‘რამდენიმე მკაფიო გზავნილი’ მიიღო

საგარეჯოში ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნებიდან კოალიცია ქართულმა ოცნებამ  „რამდენიმე მკაფიო გზავნილი“  მიიღო, მათ შორის ცვლილებებისა და ერთიანობის შენარჩუნების საჭიროებაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ქართულ ოცნებაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

31 ოქტომბერს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად ჩატარებული შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, მცირე უპირატესობით უგებს მის მთავარ კონკურენტს, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს. 

„მკაფიო სიგნალების“ ჩამონათვალში უსუფაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანი გახდა, რის გამოც „მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის“.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა, შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და შესაბამისად, არც თავიანთი მაჟორიტარი კანდიდატები დაუყენებიათ.

„ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ, მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში ქართული ოცნების მთავარ კონკურენტზე, ირმა ინაშვილზე საუბრისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია“

„ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის…)“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია“, – განაცხადა მან ხუთპარტიულ მმართველ კოალიციაზე საუბრისას, „ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები“.

„თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)