ღარიბაშვილი ტალინში თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა



ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2015 წლის 2 ნოემბერს ტალინში. ფოტო: ტაუნო ტოკი/ესტონეთის მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ტალინს სტუმრობს, 2 ნოემბერს თავის ესტონელ კოლეგას ტაავი რიივას შეხვდა.

ორი პრემიერ–მინისტრის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ძირითადად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან და საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შეკითხვები დომინირებდა.

თავის გახსნით სიტყვაში პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა განაცხადა, რომ მას მთელ რიგ საკითხებზე „დეტალური“ განხილვა ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ძვირფასი მეგობარია“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება.

საქართველოს ძალისხმევაზე, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მიაღწიოს, ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „მას შემდეგ, რაც შესრულდება ყველა კრიტერიუმი, და მე მჯერა, რომ ისინი შესრულდება, ამ მოლაპარაკებებს რაიმე სუბიექტური დაბრკოლება არ შეექმნება; ამდენად, იმედი მაქვს, რომ მალე დადებით გადაწყვეტილებებს ვიხილავ“.

ევროკომისია თავის მომდევნო ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. თბილისი იმედოვნებს, რომ კომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ესტონეთი საქართველოს ნამდვილი მეგობარია“ და მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების „მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია „ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტია“. მისი თქმით, უვიზო რეჟიმის მინიჭება „საქართველოსთვის და მისი ევროპული არჩევანისთვის ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერის კონკრეტული დემონსტრირება“ იქნება და ეს იქნება „რეალური ჯილდო იმ რეფორმებისთვის“, რომელსაც ქვეყანა დიდი ხანია ელის.

როდესაც ესტონელმა ჟურნალისტმა საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ჰკითხა „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია ბოლო სამ წელიწადში მედიის თავისუფლების კუთხით.

„შემიძლია ძალიან ამაყად გითხრათ, რომ საქართველო ლიდერია უფრო ფართო რეგიონში მედიის თავისუფლების და მედია პლურალიზმის კუთხით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოს საქმე კერძო დავაა და მთავრობას ამასთან არაფერი აქვს საერთო.

„ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს, რომ ამ საქმეში ჩავერიოთ“, – განაცხადა მან.

შემდეგ კიდევ ერთმა ესტონელმა ჟურნალისტმა ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიმდინარე პროცესის შესახებ დასვა შეკითხვა. კითხვაზე ნიშნავს, თუ არა ეს, რომ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი შანსი აღარ ექნება, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ნამდვილად არ მინდა აქ სააკაშვილზე საუბარი, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, უნდა გიპასუხოთ“.

„ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება, მისი არჩევანი იყო, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიეღო, როდესაც ის ოდესის გუბერნატორი გახდა და რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო სამართლებრივი პროცედურები დაეწყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებს, არ ვაპირებ მისი ადვოკატი გავხდე და არ მინდა მომავალი ვიწინასწარმეტყველო, რადგანაც ამ ადამიანმა უკვე ამოირჩია საკუთარი გზა“, – დასძინა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

როდესაც ჟურნალისტმა მას კვლავ კითხა ნიშნავდა, თუ არა ეს, რომ სააკაშვილს არანაირი შანსი არ ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში, ღარიბაშვილმა უპასუხა: „თუ რიგით ქართველს ჰკითხავთ, პასუხი იქნება – არა“.

ესტონეთის პრემიერ–მინისტრს პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა ჰკითხა განიხილეს, თუ არა შეხვედრაზე მედიის თავისუფლების და კონკრეტულად „რუსთავი 2“–ის საკითხი.

პრემიერ–მინისტრმა რიივასმა უპასუხა: „ჩვენ ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ, რადგანაც ჩვენ არაფერი გვაბრკოლებს, რომ ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ვიმსჯელოთ“.

„როგორც მესმის, ეს სამოქალაქო დავაა და პრემიერ–მინისტრმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს, რომ [სასამართლო პროცესი] იყოს თავისუფალი სამივე ინსტანციაში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა თარჯიმნის მეშვეობით. 

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, რადგანაც მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთი საყრდენია.

მას შემდეგ, რაც ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა დაასრულა კითხვაზე პასუხის გაცემა, მისი ქართველი კოლეგა კვლავ დაუბრუნდა სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას და განაცხადა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით: „დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს სივრცე ისეთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც უბიძგებს თავისი პარტიის წევრებს და ტელეკომპანიის დირექტორს, რომ კრიმინალური ბანდების, რევოლუციის და გადატრიალების ორგანიზება განახორციელონ“.

„ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი ციხეშია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის – პოლიტიკოსი, თუ ჟურნალისტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რამდენიმე დღის წინ რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ბატონი სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები საქართველოში რევოლუციის და გადატრიალების მოწყობის შესახებ საუბრობენ – ეს მისი ოცნებაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, “საქართველო დღეს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა. ის სტაბილური ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ და ჩვენი სწრაფვა გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)