ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი თბილისში შეხვედრებს მართავს

ევროპარლამენტის შვიდწევრიანი დელეგაცია 2–4 ნოემბერს თბილისს სტუმრობს, სადაც ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრა იმართება.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ახალი ორგანოა, რომლის შექმნა ასოცირების შეთანხმებით არის  გათვალისწინებული, რომლის ნაწილია ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მისი მიზანია შეთანხმების განხორციელებაზე დემოკრატიული ზედამხედველობა. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა შესაძლოა რეკომენდაციები მისცეს ასოცირების საბჭოს, რომელიც ევროკავშირის და საქართველოს აღმასრულებელი შტოების წარმომადგენლებისგან შედგება.

ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის წევრი ბრიტანეთიდან, საჯად ქარიმი, რომელიც ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის წევრია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპარლამენტის წევრი ფინეთიდან ჰეიდი ჰაუტალა მწვანეთა ჯგუფიდან; ევროპარლამენტის წევრი ლატვიიდან ანდრეს მამიკინსი სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან; ლიტველი ევროპარლამენტარი ვალენტინას მაზურონისი ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსიდან; ევროპარლამენტარი გაერთიანებული სამეფოდან კლერ მუდი სოციალიტების და დემოკრატების ჯგუფიდან და პოლონელი დეპუტატები აგნიეშკა კოზლოვსკა რაჟევიჩი და კოზმა ზლოტოვსკი, შესაბამისად, ევროპის სახალხო პარტიიდან და ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფიდან.

„მოსალოდნელია, რომ პარლამენტარები, მათი ქართველი კოლეგები და ხელისუფლების წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მოდერნიზებისა  და მდგრადი დემოკრატიული რეფორმების შედეგების დამკვიდრება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა.  განხილვის საგანი იქნება, ასევე, დღევანდელი სიტუაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში;  პროგრამით გათვალისწინებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ორგანიზებით ევროპარლამენტარების ვიზიტი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის  გასწვრივ“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს–რელიზში.

ევროპარლამენტის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძეს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.