უსუფაშვილი: ‘დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით’
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „დაუშვებელია“, რომ სააკაშვილ-ხალვაშის „ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები“.
"დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე 6 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, „დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები“.
„დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა „ზეპირი მოსმენის გარეშე“) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ“, – აცხადებს უსუფაშვილი.
„ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს, ყველა მოსამართლის თუ საჯარო მოხელის ერთადერთი სწორი (მათ შორის, პოლიტიკურადაც სწორი) გადაწყვეტილებაა მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი. დღეს, როგორც არასოდეს, ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი სწორი ქმედებაა ხელი შეუწყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და სხვა არაფერს“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე დავა 3 ნოემბერს ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მას ტელეკომპანიაში წილები დაუბრუნა, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება არ მოხდა, რადგან წინა დღეს, 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება „რუსთავი 2“-ის თხოვნით შეაჩერა. თუმცა, ხალვაშის მხარის მიმართვის საფუძველზე, მოსამართლე ურთმელიძემ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო 5 ნოემბერს, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი დროებითმა მმართველებმა უნდა შეცვალონ იმ ფონზე, როცა საკუთრებაზე სასამართლო დავის ზემდგომ ინსტანციებში გაგრძელება იგეგმება.