სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგინა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ შეცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ ერთი კვირის წინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს – გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა.
გვარამიას და დამენიას მმართველობის უფლება სულ ცოტა იმ დრომდე ექნებათ, ვიდრე სრულად არ ამოიწურება დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები.
იმავდროულად, სასამართლომ მის მიერ დროებით მმართველად დანიშნულ დავით დვალს ეს უფლებამოსილება გაუუქმა, ხოლო 5 ნოემბრის განჩინება მეორე დროებითი მმართველის რევაზ საყევარიშვილის "ნაწილში ძალაში დარჩა", აცხადებს სასამართლო 12 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თავის პრეს-რელიზში.
გადაწყვეტილება რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში ხუთშაბათს საღამოს იქნა შეტანილი. გვარამიას და დამენიას ოფიციალურად უფლებამოსილება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ამ ცვლილებებს საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს, რაც პარასკევისთვისაა მოსალოდნელი.
განჩინების თანახმად, რევაზ საყევარიშვილი დროებითი მმართველის უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც 5 ნოემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შევა. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ ის თავისი მოვალეობების შესრულებას 5 ნოემბრიდან უნდა შედგომოდა, თუმცა სასამართლომ 12 ნოემბრის განჩინებით ეს პუნქტი გააუქმა.
ამით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის ამჟამინდელი მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების საჩივარი, რომელიც ადვოკატებმა 11 ნოემბერს შეიტანეს დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე 5 ნოემბერის გადაწყვეტილების გაუქმების და მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.
„რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობა მოსამართლე ურთმელიძემ ერთი კვირის წინ იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად შემოიღო, რომელიც 3 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე დავის ფარგლებში მიიღო და მოსარჩელე ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიაში მისი საკუთრების უფლება აღუდგინა. მფლობელობაზე დავის გაგრძელება ზემდგომ ინსტანციებში იგეგმება. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დაინიშნენ, ხალვაშმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო საბოლოოდ დავას მის სასარგებლოდ გადაწყვეტს, „რუსთავი 2“ წილების ნახევარს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს გადასცემს.
დავით დვალისთვის დროებითი მმართველის უფლებამოსილების გაუქმების ნაწილში, პრეს-რელიზის თანახმად, სასამართლომ საჩივრის განხილვისას სწორედ ხალვაშის მიერ საჯაროდ გაკეთებული ეს განცხადება მიიღო მხედველობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დროებითი მმართველი უნდა იყოს „ნეიტრალური“ პირი, რასაც წილების სამომავლო გადანაწილებაზე განცხადება დვალთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
ამასთან, არც დვალი და არც საყევარიშვილი მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მოტივით „რუსთავი 2“-ში დროებით მმართველობას არ შედგომიან. მათ ჯერ ტელეკომპანიის მფლობელებს, ხოლო შემდეგ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს შესთავაზეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მმართველობის უფლების დელეგირება, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს.
იმის ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ მიიღო სასამართლომ ყოფილი მენეჯმენტისთვის უფლებამოსილების აღდგენის გადაწყვეტილება, გავრცელებულ პრეს-რელიზში მოყვანილია „ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის’’ საქმიანობაში“.
ამავე პრეს-რელიზის თანახმად, მოსამართლე ურთმელიძის დღევანდელი განჩინება მხარეებს შეუძლიათ 5 დღის ვადაში ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.
პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2“–ის მფლობელების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედების შეჩერებას ცდილობენ, რომლის საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო, მოსმენას პარასკევს განაგრძობს, რომლის დროსაც ის სამართლის მოწვეული ექსპერტის აზრს მოისმენს. ექსპერტის მოსმენის შესახებ შუამდგომლობა იმ ადვოკატმა დააყენა, რომელიც პროცესზე პარლამენტს წარმოადგენს; „რუსთავი 2“–ის ადვოკატები წინააღმდეგი იყვნენ, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, მოპასუხეს სამართლის ექსპერტის მოწვევით პროცესის გაჭიანურება სურდა.
პარლამენტმა, როგორც საკონსტიტუტიო სარჩელის მოპასუხე მხარემ, ასევე დააყენა „რუსთავი 2“-ის სარჩელის განმხილველი ორი მოსამართლის აცილების საკითხი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)