სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას
სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა 13 ნოემბერს ბრატისლავაში თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას და ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას საქართველოსთვის.
თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მან ღიად გამოაცხადა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, „სლოვაკეთის სრული მხარდაჭერა ევროკავშირთან უვიზო ურთიერთობების თაობაზე საქართველოს ამბიციების მიმართ“.
მისი თქმით, ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობები „პოზიტიური მიმართულებით“ ვითარდება და საქართველო მხარდაჭერას „იმსახურებს“.
„მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მიმართ სამართლიანია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ფიცომ, „ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ დაბრკოლებები შევუქმნათ ადამიანებს – იქნებიან ისინი ბიზნესის, კულტურის თუ სპორტის წარმომადგენლები – რომ შენგენის ვიზების მიღების რთული, დაძაბული პროცედურები გაიარონ“.
„ამას ღიად ვაცხადებ იმ ფონზე, როდესაც ასიათასობით მიგრანტი ყოველგვარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების და ვიზების გარეშე შემოედინება ევროპაში ბოლოს დროს", – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრმა, რომლის მთავრობაც 120 000 თავშესაფრის მაძიებლის ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოში გადანაწილების კვოტების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.
„მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე; ჩვენი ქვეყანა საუკეთესო მაგალითია იმ მნიშვნელოვანი სარგებლისა, რასაც ევროკავშირის წევრობას შეუძლია მისცეს პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ სლოვაკეთი მზად არის გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირში „გაწევრიანების წინა პროცესზე“.
„სლოვაკეთი ასევე დაუჭერს მხარს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას საქართველოსთვის", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ფიცომ, „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ნატოში და მზად ვართ ამის სასარგებლოდ მივცეთ ხმა“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
„ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ამ არჩევანის ერთგულნი ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, „ევროპული ინტეგრაციის ამ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია და ჩემი მთავრობა ყველანაირად მზად არის ამას ხელი შეუწყოს… ევროპა უფრო ძლიერი გახდება საქართველოსთან ერთად და რა თქმა უნდა, საქართველო უფრო ძლიერი გახდება ევროპასთან ერთად“.
„ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია; ქართველებს აქვთ უფლება ევროპაში იმოგზაურონ შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრებმა ასევე ისაუბრეს იმის საჭიროებაზე, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად.
პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი, რომელმაც ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში 13 ნოემბერს დაიწყო, ასევე შეხვდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს პეტერ პელეგრინის.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.