საქართველოს ლიდერები გმობენ პარიზის ტერორისტულ აქტებს

საქართველოს ხელმძღვანელობამ დაგმო საზარელი ტერაქტების სერია პარიზში, რომლის შედეგადაც სულ ცოტა 120 ადამიანი დაიღუპა, საფანგეთის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და დაადასტურა თბილისის მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „შოკისმომგვრელი ტრაგედია“ პარიზში „მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად“.

„მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა თავისი ფრანგი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში, რომ „მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა“.

„ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში“, – დასძინა პრეზიდენტმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე გამოთქვა „ღრმა მწუხარება“ პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო.

„მომხდარი დიდი ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომის აუცილებლობას თანამედროვეობის იმ გლობალური სენის დასამარცხებლად, რასაც ტერორიზმი ჰქვია“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შინ დარჩნენ. სამინისტროს თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის პარიზში საქართველოს საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო“. მისი თქმით, ტერორისტული აქტები პარიზში „წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს“.