დავით უსუფაშვილი აშშ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიმდინარე კვირაში აშშ-ის სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა.
ამ დაუანონსებელი ვიზიტის შესახებ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომლის ინფორმაციითაც, ძალიან მოკლე დროში დაგეგმილი ამ სტუმრობის დროს დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ეროვნული უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების, რუსეთის, უკრაინის და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა.
„საუბარი გვქონდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე თემებზე, საპარლამენტო მუშაობის შუქ-ჩრდილებზე, იმ თემებზე, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მზადებაზე მომავალი არჩევნებისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
„ამ შემთხვევაში ჩვენი ყველას ამოცანაა… რომ მოვახერხოთ ყველა გაუგებრობის თუ კონფლიქტის თუ სასამართლო დავის გადაწყვეტა ისე, რომ არ დაზარალდეს არც მედია და არც სასამართლო სისტემა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„თუმცა ბოლო ხანებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მე მგონი ყველამ მიიღო სხვადასხვა სახის ზარალი და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველა დავას, ყველა დისპუტს, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ სისტემაში ხდება, უნდა ჰქონდეს ცივილური გამოსავალი“, – აღნიშნა მან აშშ-ში „რუსთავი 2“-ის სპეციალურ კორესპონდენტთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრესა წინასწარ არ იყო ინფორმირებული აშშ-ში მის ვიზიტთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა უპასუხა: „მე ჩუმად არ ჩამოვსულვარ ვაშინგტონში და ეს შეუძლებელია“. მისი თქმით, ეს „ჩვეულებრივი სამუშაო ურთიერთობის“ ნაწილია, რომელიც „არის მუდმივი“.
„ეს არის ჩემი სამუშაო ვიზიტი, მე საშუალოდ 2-3 თვეში ერთხელ მიწევს ჩამოსვლა ვაშინგტონში, ისევე როგორც ბრიუსელში, ლონდონში, აქედან მივემგზავრები ავსტრიაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ავსტრიაში, რომელიც 15-17 ნოემბერს იგეგმება, პარლამენტის პრესსამსახურმა ინფორმაცია შაბათს წინასწარ გაავრცელა.
ეს კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში საქართველოს საელჩოში გააკეთა, სადაც ის იმ მიღებას დაესწრო, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი სამუშაო შეხვედრების მონაწილეებისთვის გაიმართა.
უსუფაშვილის ვიზიტის პარალელურად, 12-13 ნოემბერს ვაშინგტონმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის და ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებსაც უმასპინძლა მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარული სესია გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან სამუშაო შეხვედრებს თანათავმჯდომარეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი; ქართულ დელეგაციას კი წარმოადგენდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.
„დემოკრატიის სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული დემოკრატიული ვითარება, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, განიხილეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება სამუშაო ჯგუფების შეხვედრებთან დაკავშირებით.
„ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკვე მიღწეული შედეგები და აშშ-ის მხარესთან ერთად დასახა სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ აშშ-ის მხარის ჩართულობას და მხარდაჭერას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.