ღარიბაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც 16 ნოემბერს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა იმართება.
საბჭო არის ერთობლივი ორგანო მინისტრების დონეზე, რომელიც წელიწადში სულ ცოტა ერთხელ იკრიბება და საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
საბჭოს შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც თბილისს გასულ კვირას სტუმრობდა, და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის დროს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანს.