იზორია: საქართველო ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არ არის

მართალია საქართველო არ არის ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური „სერიოზულად აღიქვამს“ ყველა შესაძლო საფრთხეს, მათ შორის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებითა და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის სახით, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ. 

13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა აეროპორტებში, საზღვრებზე  და „სტრატეგიული მნიშვნელობის“ ობიექტებზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ ორშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა 18 ნოემბერისთვის დააანონსა და განაცხადა, რომ ამ შეკრებაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

პარიზის თავდასხმების შემდეგ ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო წერილობითმა განცხადებამ, რომელიც 9 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი ჯგუფის სულ ცოტა ორმა ქართულენოვანმა ვებგვერდმა გაავრცელა. ეს განცხადება უკავშირდება 56 წლის მურმან პაიჭაძეს, რომელიც წალკის რაიონის სოფელ კოხტას ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირი იყო და რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ, მისი ოჯახის წევრების თანახმად, თურქეთში გაემგზავრა. განცხადებაში სახელწოდებით „სამუფთოს ყოფილი იმამის მურმან პაიჭაძის მიმართვა ისლამური ხალიფატიდან“ ნათქვამია: „თქვენ ურწმუნოებო! რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნებიდან ?… მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება“.

„ბუნებრივია ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ამ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკების და საფრთხეების თავიდან აცილებას“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ 16 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ-შოუში საუბრისას.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის, იზორიამ უპასუხა: „ეს ასე არ არის“.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძირითადი სამიზნე ამ თვალსაზრისით არის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

„თუმცა, ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს არაფერს არ ნიშნავს იმასთან დამოკიდებულებაში, რომ ჩვენ საშუალო თუ დაბალი ხარისხით მივუდგეთ ამ საფრთხეების პრევენციას. ჩვენ ყველა განცხადებას, ყველა მუქარას სერიოზულობით ვეკიდებით; აქედან გამომდინარე, მიდგომა არის სწორედ თანაბარი, ისეთი, როგორიც ეს მაღალ რისკს სჭირდება“, – განაცხადა იზორიამ.

„ეს მუქარები გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთვის, თუმცა ეს არ არის საფუძველი პანიკისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – დასძინა მან.

მისი თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის დასავლელ პარტნიორებთან, ასევე ზოგიერთ მეზობელთან, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის  გაზიარების გზით.

„გუშინ [15 ნოემბერს] ჩვენი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე აზერბაიჯანში დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ცდილობდა უკანონოდ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, რათა შემდეგ წასულიყო სირიაში და ებრძოლა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში“, – განაცხადა იზორიამ.

„ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ გადასვლას საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან შემდეგ სირიაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით და ასეთია ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან, მათ შორის საუბარია არა მხოლოდ აქტიურ ტერორისტებზე, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც. ჩვენ არ ვუშვებთ მათ [საქართველოში], ვუშვებთ უკან“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ მარტო სომალიდან 30–ს აჭარბებს უკან გაბრუნებული ადამიანების რიცხვი.

როდესაც იზორიას ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ქართულენოვანი ვებგვერდების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „გამოძიება დაიწყო“, თუმცა ამ ვებგვერდებზე წვდომა არ დაბლოკა, რადგანაც საკმარისი ინფორმაციის და მტკიცებულებების შეგროვება სურს საქმისთვის. თუმცა  ახლო მომავალში, მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური აპირებს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რათა „ასეთი ვებგვერდების არსებობა აიკძალოს“. პირველი პოსტი ასეთ ვებგვერდზე 2015 წლის აპრილით თარიღდება, ხოლო შემდეგი მაისით. ერთ–ერთი ასეთი ვებგვერდი WordPress–ის პლატფორმას იყენებს.       

„გვაქვს უკვე ამის საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზე დავიწყოთ დევნა“, – განაცხადა იზორიამ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა; მან ასევე არ უპასუხა კითხვას, თუ საიდან ხდებოდა ამ ვებგვერდების ადმინისტრირება – საქართველოს შიგნიდან თუ მის გარეთ.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში ტერორიზმის შესახებ, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მეტწილად შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ტერორიზმს და ასევე „აქტიურ“ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ კვლავაც არსებობს „წუხილები“ იმის თაობაზე, რომ საქართველო გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმისთვის როგორც წყაროდ, ისე სატრანზიტო ქვეყნად.

ათობით საქართველოს მოქალაქე, ძირითადად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან იბრძვის სირიასა და ერაყში ან ალ–ქაიდას მხარეს ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.

14 ივნისს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებით დააკავეს. იმავდროულად თბილისში დააკავეს სამი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბორჩაშვილმა გადაიბირა. 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი საქმის სასამართლო განხილვა, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)