სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ხელისუფლება სასაზღვრო კონტროლოს გაძლიერებაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ ოთხშაბათს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ქვეყანა საზღვრებსა და „სტრატეგიულ ობიექტებზე“ უსაფრთხოების „დამატებით ზომებს“ იღებს. 

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ „მყისიერი საფრთხე“ არსებობს.

„სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი გაძლიერდება და ეს არ ნიშნავს არანაირ შეზღუდვას“, – განუცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ასევე მოხდება „სტრატეგიული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის“ გაძლიერება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „დილიდან გამკაცრდა საზღვარზე შემოსვლები სხვადასხვა ქვეყნებიდან – უფრო აზიური, აფრიკული ქვეყნებიდან; მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და ამ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ „ათობით“ უცხოელ მოქალაქეს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, რადგანაც არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საქართველოს და თურქეთის გავლით სირიაში აპირებდნენ გამგზავრებას.

„ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით და ასეთია ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან, მათ შორის საუბარია არა მხოლოდ აქტიურ ტერორისტებზე, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც. ჩვენ არ ვუშვებთ მათ [საქართველოში], ვუშვებთ უკან“, – განაცხადა იზორიამ 16 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ მარტო სომალიდან 30–ს აჭარბებს უკან გაბრუნებული ადამიანების რიცხვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)