ხიდაშელი რუსეთთან დასავლეთის შესაძლო ანტიტერორისტულ თანამშრომლობაზე
დასავლეთს ტერორიზმის მსგავსი გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისას „მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი“ უნდა ჰქონდეს, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს მისი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ინტერესებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე საპანელო განხილვის დროს ხიდაშელმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მომტანი არ იქნება, თუ ამ პროცესში დასავლეთი „დაივიწყებს“ ან „გვერდზე გადადებს“ რუსეთთან არსებულ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის უკრაინას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს შეერთებულმა შტატებმა ან ევროპამ „მიატოვეს“ თავიანთი პარტნიორები, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა – ეს მოსაზრება, მისი თქმით, მას შემდეგ გახდა „პოპულარული“, რაც აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები გავრცელდა, სადაც „მეგობრულად“ საუბრობენ ანტალიაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში.
„შეგვიძლია ვისაუბროთ და მივაღწიოთ ყველა შესაძლო შეთანხმებას რუსეთთან, მაგრამ საერთო სურათს ძალიან მნიშვნელოვანი [ელემენტი] დააკლდება, თუ [ამ მოლაპარაკებებში] გათვალისწინებული არ იქნება მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე [დასავლეთის] პარტნიორები არიან “, – განაცხადა მან.
მისი თქმით, შესაძლებელია ერთდროულად ტერორიზმთან ბრძოლა და თან „თავისუფალი სამყაროს გაფართოება“ – ეს ორი ერთად უნდა გაკეთდეს, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან არასწორ გზავნილს უგზავნის მოსკოვს“.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ესაუბრეთ რუსეთს, შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი შედეგი ამ მოლაპარაკებებიდან, მაგრამ ამავე დროს დაუმტკიცეთ რუსებს, რომ თქვენი საკუთარი დღის წესრიგი გაქვთ იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც რუსეთი მოსვენებას არ აძლევს, გააფართოვეთ თავისუფალი სამყარო“, – განაცხადა მან.
ხიდაშელის თქმით, ამგვარი მიდგომა რუსეთს დაანახებს, რომ დასავლეთი სულაც არ არის ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ მოსკოვის ჩართულობის გარეშე ვერ გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებს, მათ შორის ტერორიზმს.
„თუ დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიო ვერ აგვარებს პრობლემას სირიაში რუსეთის გარეშე – როგორც ბევრი ევროპელი ლიდერისგან გვესმის – ეს აძლიერებს მოსკოვს… მათთვის ეს მწვანე შუქია, ღია მოწვევა, რომ რუსეთის გარეშე მსოფლიოში ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება… ეს არასწორი გზავნილია იმ ტიპის ხელმძღვანელობისთვის, როგორიც მოსკოვშია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.