სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე ასობით მოქალაქეს ეთქვა უარი

13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შედეგად საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს. 

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისიტრომ აღნიშნა 24 ნოემბერს ცალკე განცხადებაში, რომ  სომალის რესპუბლიკის 15, საქართველოს 1 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანაში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეების თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაცით, სავიზო კონტროლის გამკაცრების ფარგლებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახდენენ მგზავრებთან დეტალურ გასაუბრებას და მათი ვიზიტის ნამდვილი მოტივაციის გამოვლენას.

„განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.