პარლამენტში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადების თაობაზე კონსულტაციები იგეგმება

ოპოზიციურმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოუწოდეს პარლამენტის უმრავლესობაში მყოფ კოალიცია ქართულ ოცნებას და ნაციონალური მოძრაობის უმცირესობას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადების მიღებისკენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს ერთობლივი, კონსოლიდირებული, ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს პარლამენტისა“, – განაცხადა 24 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვიქტორ დოლიძემ და დასძინა, რომ ასევე ბევრი არასაპარლამენტო პარტია „მოინახება“, რომელიც ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდება.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ევროკომისიისადმი და ამავე დროს ევროპარლამენტისადმი მიმართვას 15 დეკემბრამდე მიიღებს, როცა მოსალოდნელია ევროკომისიის მორიგი ანგარიში შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ეს იქნება ბოლო ანგარიში, სადაც კომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც მმართველ კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია „რომ ზეპარტიული თემა და ამოცანაა, ამაში მე მგონი, ვჯერდებით“. თუმცა მას შემდეგ, რაც ინიციატივაზე კონკრეტული პოზიციის მყისიერად დაფიქსირებისგან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმა და ასევე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა თავი შეიკავეს, მან კოლეგებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა, თუ რა ფორმატით იქნება შესაძლებელი ერთობლივი პოზიციის დაფიქსირება.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში ეს ინიციატივა მას შემდეგ დააყენეს, რაც პირველად 20 ნოემბერს ოპოზიციურმა ახალმა მემარჯვენეებმა წამოწიეს ეს საკითხი და მოუწოდეს „ყველა დემოკრატიულ ძალას“ კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ ერთობლივი მიმართვის ტექსტის შესამუშავებლად, რომელშიც „დავაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე ნებას და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით“.

„ეს იქნება ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულებაც და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის“, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ გასული კვირის ბოლოს ბრიფინგზე. 

მან ახალი მემარჯვენეების სახელით ასევე დაგმო ნებისმიერი მხარის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლა და ამ თემაზე მმართველ კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ურთიერთბრალდებებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.

გასულ კვირას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებში ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობირებაში დაადანაშაულა.

„ერთდაერთი, ვინც ბრიუსელში, ასევე ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი წევრი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი… მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა 19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

ამ ბრალდებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლების მხრიდან გადაბრალების ტაქტიკის ნაწილი უწოდა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს „უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე“, რასაც მისი თქმით, „ერთადერთ რეალურ“ საფრთხეს „მთავრობის ქმედებები“ უქმნის.