ნატო საქართველოს: MAP-ი ინტეგრაციის პროცესის განუყოფელ ნაწილად რჩება
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს ალიანსის პოზიცია, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ უნდა გაიაროს „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან.
ბრიუსელში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატომ მონტენეგროს გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, რაც ამ ქვეყანას ალიანსის 29–ე წევრს გახდის.
2 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უჩვენებს დანარჩენ სამ ასპირანტ ქვეყანას – ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს და მაკედონიას, რომ „რეფორმების კუთხით თავდაუზოგავი მუშაობა შედეგს გამოიღებს“.
„დღეს ვნახეთ, რომ ნატოს კარი ღიაა; ის ღია რჩება და ეს იმით დავამტკიცეთ, რომ მონტენეგრო მოვიწვიეთ“, – განაცხადა მან და დასძინა რომ „საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია“.
„ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ განცხადებაში, რომელიც ალიანსის პოზიციას გამოხატავს ასპირანტი ქვეყნების მიმართ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან მიმართებით აღნიშნავენ: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია MAP–ი; დღეს ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების და ასევე შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“.
მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, თბილისს ალიანსისგან MAP-ის მიღება ან იმის გაცხადება სურდა, რომ MAP–ი აღარ წარმოადგენს საბოლოო წევრობის წინაპირობას.
როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოქტომბერში განაცხადა, „ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს და ნატოს შორის აღარ უნდა დარჩეს შუალედური ნაბიჯები“. MAP სწორედ ასეთ „შუალედურ ნაბიჯად“ განიხილება.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2 დეკემბრის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“.
2014 წლის ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში ამ საკითხზე შემდეგი ჩანაწერია: „აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს სვლა საბოლოო წევრობისკენ“.
მიესალმნენ რა საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს საქართველოს კვლავაც განაგრძოს ყველა არსებული ინსტრუმენტის სრული გამოყენება, რომელთა შორისაა ნატო–საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს, როგორც გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, მისი მონაწილეობა ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში (Defence Capacity Building Initiative) და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე მიესალმნენ „მნიშვნელოვან პროგრესს“, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელებაში იქნა მიღწეული, მათ შორის ერთობლივი წვრთნების დაწყებას და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას.
„ვარშავის [2016 წლის 8–9 ივლისის] სამიტისთვის მზადების პროცესში, ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა გავაძლიეროთ ძალისხმევა, მათ შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და გაზრდილი თანამშრომლობის გზით, მათ შორის თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროებში“, – განაცხადეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
განცხადების თანახმად, „ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, რომ გააძლიეროს თავისი დემოკრატია, მათ შორის სასამართლო სისტემის და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირების კუთხით და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია განახორციელოს“.
როგორც ჩანს, „რუსთავი 2“–ის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მინიშნებით განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ვითვალისწინებთ რა მედიის თავისუფლების და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი რეფორმებისკენ მიმართულ ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს“.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ალიანსი „დიდად აფასებს“ საქართველოს წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში, სადაც საქართველო მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია სამხედროების რაოდენობით.
გაიმეორეს რა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისევ მოუწოდეს რუსეთს უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ განცხადებაში ასახული „მიმართულებები“ ვარშავის სამიტის წინ ასპირანტი ქვეყნებისთვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.
„ველით, რომ ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა მათი მისწრაფებების წინ წასაწევად. ჩვენი მომავალი გადაწყვეტილებები ამ მოსაზრებების გათვალისწინებით იქნება მიღებული“, – განაცხადეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)