ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8%-მდე გაზარდა და განაცხადა, რომ  პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება „მომდევნო პერიოდში“ მოსალოდნელი არ არის.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წლის დასაწყისში დაიწყო და თებერვალში არსებული 4%–დან ეტაპობრივად 8%–მდე გაზარდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 16 დეკემბერს გამართული სხდომის შემდეგ.

„თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა მან.

ნოემბერში წლიური ინფლაცია 6.3%-მდე გაიზარდა წინა თვეში არსებული 5.8%–დან, რაც 2011 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის თქმით, მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.