აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა სტამბოლში გაიმართა
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა 17 დეკემბერს სტამბოლში მესამე სამმხრივი შეხვედრა გამართეს.
„ჩვენი მთავარი გზავნილი ევროპისთვის, ნატოსთვის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის უმარტივესია – იმისათვის, რომ იყოს სტაბილური, ენერგოუსაფრთხო, ენერგორესურსებით დივერსიფიცირებული ევროპა, ამას სჭირდება სტაბილური, უსაფრთხო, მშვიდობიანი შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ისმეთ ილმაზთან და ზაქირ ჰასანოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი „ძალიან წარმატებულია იმიტომ, რომ მისი მსგავსი პრაქტიკულად არ არსებობს, როგორც პრაქტიკული იმპლემენტაციის ნაწილში – იქნება ეს საჰაერო სივრცის მონიტორინგი თუ წვრთნები, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში“.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შესაძლოა „მაგალითი“ იყოს სხვებისთვის, იტყობინება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“.
ისმეთ ილმაზმა ასევე განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს უწყობს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას.
სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა 2014 წლის აგვისტოში ნახიჭევანში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები რეგულარულად წელიწადში ორჯერ გაემართათ. მომდევნო შეხვედრა ბაქოში შედგება.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ატარებენ შეხვედრებს სამმხრივ ფორმატში, რასაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.