ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრემიერ–მინისტრობის პოტენციურ კანდიდატებს ასახელებს
ქართული ოცნების დეპუტატმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია პრემიერ–მინისტრობის პოტენციურ კანდიდატებად საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელ დირექტორს მამუკა ბახტაძეს განიხილავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ კოალიცია მისაღებ და შესაფერის კანდიდატზე შეთანხმებას მიაღწევს.
მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს, რომ ახალ მთავრობას ახალი პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანო მომდევნო კვირის დასაწყისში დაამტკიცებს.
2013 წლის შემოდგომაზე, როდესაც მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადადგომისთვის ემზადებოდა, სერგეენკო, კვირიკაშვილი და ბახტაძე მაშინაც პრემიერ–მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდებოდნენ. თუმცა ივანიშვილმა თავის შემცვლელად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ქართულ მედიაში ვრცელდება ვარაუდები, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ამჟამად ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრია, პრემიერ–მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატია.
კვირიკაშვილი, რომელმაც თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში გაატარა, სანამ 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი გახდებოდა, 1999–2004 წლებში პარლამენტის წევრი იყო „ახალი მემარჯვენეებიდან“; ის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. კვირიკაშვილი 2006–2011 წლებში ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუს გენერალური დირექტორი იყო.
„საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბახტაძე, რომელიც კვაჭანტირაძემ ასევე დაასახელა პოტენციურ კანდიდატებს შორის, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. იგი „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელ დირექტორად 2013 წლის მარტის ბოლოს დაინიშნა. 2010 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ბოლომდე ის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ეს ორგანიზაცია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში შედის.
დავით სერგეენკო, ექიმი პედიატრი, რომელიც ნაკლებად იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, სანამ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა, 2006–2012 წლებში საჩხერეში ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ საავდმყოფოს ხელმძღვანელობდა. სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებასთან ასოცირდება, რაც შემდეგ მთავრობის „სოციალურად ორიენტირებული“ პოლიტიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც დეპუტატმა კვაჭანტირაძემ პოტენციურ კანდიდატებს შორის დაასახელა, 1999–2011 წლებში ივანიშვილის ბანკ ქართუს გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 2012 წლის ბოლოდან ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, სანამ 2015 წლის მარტში თბილისის ვიცე–მერად დაინიშნებოდა. 2015 წლის სექტემბრიდან მას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა უკავია.
ქართული მედია წყაროები ასევე იტყობინებიან, რომ პრემიერ–მინისტრად კვირიკაშვილის დასახელების შემთხვევაში, ქუმსიშვილმა ან ბახტაძემ შესაძლოა ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავონ და ამ პოსტზე ნოდარ ხადური შეცვალონ. მედიაში ასევე ვრცელდება ხმები, რომ კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შესაძლოა მისმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ შეცვალოს. ხოლო პრემიერ–მინისტრის ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია შესაძლოა ეკონომიკის მინისტრი გახდეს.
პრეზიდენტმა კოალიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებული პრემიერ–მინისტრობის ახალი კანდიდატი შვიდი დღის ვადაში უნდა წარადგინოს. შემდეგ ახლად წარდგენილი პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხვა წევრებს დაასახელებს პარლამენტის მიერ ნდობის გამოსაცხადებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.