მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი პრიორიტეტებზე საუბრობს



მიხეილ ჯანელიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს 2015 წლის 28 დეკემბერს. 

მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად არის წარდგენილი, განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს თავის ევროპულ და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და რუსეთის მიმართ კვლავ „პრაგმატულ და დაბალანსებულ პოლიტიკას“ განახორციელებს.

ჯანელიძე, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის შემცვლელად დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.  კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობაში რაიმე სხვა ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა მან არ გამორიცხა ეს ახლო მომავალში.

34 წლის ჯანელიძემ, რომელიც საქართველოს მეოთხე საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდა,  საკომიტეტო მოსმენაზე 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი პოზიტიური როლი მთელი რეგიონისთვის.  

ჯანელიძე 2011 წლის ნოემბერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და იგივე თანამდებობა შეინარჩუნა კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.  იგი კვირიკაშვილის მოადგილე იყო, როდესაც ამ უკანასკნელს ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, მან ჯანელიძე 2015 წლის სექტემბერში თავის პირველ მოადგილედ გადაიყვანა.

„ის პროგრესი, რომელიც ვაჩვენეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში, ძალიან ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ეს კვლავაც ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ოთხივე სფეროში, რომელსაც აშშ–საქართველოს სტრატეგიული ქარტია ითვალისწინებს და რომელიც მოიცავს თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიას, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, და ხალხთა შორის კონტაქტებს, ასევე იქნება პრიორიტეტებს შორის.  

„ჩვენი ძირითადი მიდგომა იქნება რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონი გავხადოთ უფრო მიმზიდველი ეკონომიკურად და შესაბამისად ის გამოიწვევს ასევე ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების გარკვეულწილად პრევენციასაც“, – განუცხადა მან დეპუტატებს რამდენიმე კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელიც მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენის ფარგლებში გაიმართა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ჯანელიძემ განაცხადა, რომ „ჩვენი მიდგომა გაგრძელდება, რაც არის ბოლო წლების განმავლობაში – ეს არის დეესკალაციის პოლიტიკის გაგრძელება“.

„თუმცა, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არანაირად არ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა მან.

„ის პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე გაგრძელდება. რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარების თემას, ის გაგრძელდება ჩვენი კონსტრუქციული მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“, – განაცხადა მან.

ჯანელიძემ, რომელიც 2009–2011 წლებში ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში. მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურაც დაამთავრა საერთაშორისო სამართალში. 2011 წელს იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ჯანელიძემ ასევე განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც ოპოზიციური დეპუტატები არ დასწრებიან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ქვეყნის „პოზიციური იმიჯის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე“.

„ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა განვახორციელოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კომერციული წარმომადგენლობების სისტემის“ შექმნის საკითხი განიხილება.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული აზიიდან ინვესტიციების მოსაზიდად.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა გამოწვევა შეიძლება იქცეს შესაძლებლობად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი პოზიტიური როლის მაქსიმალურად წარმოჩინება მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ეს შეგვიძლია მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებით, ეკონომიკური კავშირების მეტი გაღრმავებით და ეკონომიკურ პროექტებში მეტი აქტიური მონაწილეობით. ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ამოსავალი წერტილი ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, უსაფრთხოება, მშვიდობა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით განვახორციელებთ ძირითად ქმედებებს და ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას, ევროპასთან სიახლოვეს, როგორც დამატებით  შესაძლებლობას,  ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მან.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, საქართველომ „ძალიან სერიოზული ნაბიჯები“ გადადგა ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ამ კონტექსტში ახსენა წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის თანაორგანიზატორიც იყო ჩინეთი მთავრობა და ასევე მხარდაჭერილი იყო აშშ-ის მიერ.

„ეს არის ზუსტად ის მიმართულება და ის ხედვა, რომელიც საქართველოს პოზიტიურად წარმოაჩენს მთელს რეგიონში.  არავის კონკურენტებად ყოფნას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი აი ეს შესაძლებლობები გავხადოთ ყველასთვის მისაღები და ყველასთვის საინტერესო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო შედეგების მიღწევა შეიძლება აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაში ამოსავალი წერილი არის, რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ საქართველო, როგორც ევროპის აღმოსავლეთ საზღვარი, მათი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში და თანამშრომლობაში და რა თქმა უნდა, ამაში ამერიკის როლი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯანელიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)