წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 4.9% შეადგინა



წყარო: საქსტატი

"საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.9% შეადგინა.

2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში 0.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

სურსათზე ფასები დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 3.8%–ით გაიზარდა, ხოლო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტის ჯგუფში ფასებმა 11%–ით  იმატა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

გაზრდილმა ელექტროენერგიის ტარიფმა წლიური ინფლაცია საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის და სათბობის ჯგუფზე 8.3%–მდე გაზარდა.

ფასები ჯანდაცვის ჯგუფში 10.5%–ით გაიზარდა დეკემბერში, რაც ძირითადად სამედიცინო პროდუქციაზე და მოწყობილობებზე ფასების 24.2%–იანმა ზრდამ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასების 7.7%–იანმა ზრდამ განაპირობა.
 
ავეჯი, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები 9.2%–ით გაიზარდა დეკემბერში.

სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე ფასები დეკემბერში 5.5%–ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით.

წლიური ინფლაცია 4.2%–ით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფში და დეკემბერში ფასებმა საწვავ–საპოხ მასალებზე 12.1%–ით იკლო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)