დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნება შესთავაზეს
ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაადასტურა, რომ დავით ზალკალიანის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე განიხილება.
ზალკალიანი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, 2012 წლის ოქტომბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა; ის 2014 წლის ნოემბერში გადადგა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ქართული ოცნების მმართველი კოალიცია დატოვეს. ზალკალიანმა "თავისუფალი დემოკრატები" 2015 წლის ოქტომბერში დატოვა, თუმცა მას კარგი ურთიერთობა აქვს შენარჩუნებული პარტიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც დადებითად გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ზალკალიანის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„დავით ზალკალიანი არის ძალიან ღირსეული კანდიდატურა, გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი, ღირებული კადრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. მე მასთან ერთად მიმუშავია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანელიძემ, რომელიც 2015 წლის სექტემბრამდე ოთხი წლის მანძილზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, „რა თქმა უნდა, მას როგორც კანდიდატს განვიხილავთ“.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ ჯანელიძე ახალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დააწინაურა.
მინისტრის ოთხმა დანარჩენმა მოადგილემ – დავით დონდუამ, დავით ჯალაღანიამ, გიგი გიგიაძემ და ხათუნა თოთლაძემ თანამდებობები შეინარჩუნეს.