გარდაბანში გამგებლის არჩევნების წინ სამხედროების მიერ ხმის მიცემის წესს აკრიტიკებენ
არჩევნებზე დამკვირვებელმა სამმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადგილობრივ და მაჟორიტარულ არჩევნებზე სამხედრო ნაწილებში ხმის მიცემის წესი „არჩევნების შედეგების მანიპულირების საფრთხის შემცველია“.
ეს ე.წ. სპეცუბნების საკითხი პრობლემური იყო საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე და ეს თემა კვლავ გააქტიურდა გარდაბანში 28 იანვარს დანიშნული გამგებლის არჩევნების წინაც. გარდაბნის ოლქში რამდენიმე სამხედრო ნაწილი, მათ შორის ვაზიანის სამხედრო ბაზაა განთავსებული.
მოქმედი კანონმდებლობით, სამხედროებს, მათი რეგისტრაციის ადგილის მიუხედევად, უფლება აქვთ აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერები, გამგებლები, საკრებულოები) და მაჟორიტარი დეპუტატები იმ ოლქში, სადაც მათი სამხედრო ნაწილი მდებარეობს და რომელშიც ისინი წელიწადი მაინც მსახურობენ.
სამხედროებისგან განსხვავებით, სხვა ამომრჩეველს მხოლოდ იმ ოლქში აქვს ხმის მიცემის უფლება, სადაც რეგისტრირებულია. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებენ, რომ ამ წესის სამხედრო მოსამსახურეებზე გავრცელება „იქნება მათი უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან და არამც და არამც მათი ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა“, რაზეც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აპელირებს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ „სამხედრო მოსამსახურეებისათვის უფლების მინიჭება, აირჩიონ იმ მუნიციპალიტეტის მერი, ან მაჟორიტარი, სადაც ისინი არ არიან რეგისტრირებულნი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის ან არჩევნების შედეგების მანიპულირების საფრთხის შემცველია“ – ეს საკითხი ოპოზიციის წუხილის საგანიც არის.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით, ეს პრობლემაა „მითუფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად იხსნის უფლებას და პასუხისმგებლობას, შეამოწმოს, სამხედრო დანაყოფის მიერ გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა სია აკმაყოფილებს თუ არა საარჩევნო კოდექსით დადგენილ კრიტერიუმს (რომ თვითმმართველობის არჩევნებში მოსამსახურე დისლოცირებული უნდა იყოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1 ან მეტი წლის ვადით)“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის ოლქში დაახლოებით 700 სამხედროა, რომელთაც 28 იანვრის გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. ე.წ. სპეცუბანი შექმნილია ვაზიანის ბაზაზე I საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ხმას ახლომდებარე საარჩევნო უბანზე მისცემენ.
გარდაბანში გამგებლის არჩევნებში მხოლოდ მმართველი კოალიცია ქართული ოცნებისა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, გარდაბანში არჩევნების წინ დაახლოებით 700 ჯარისკაცი დარეგისტრირდა, რადგან „ხელისუფლებას დამარცხების ეშინია“.
თავდაცვის სამინისტრომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები გარდაბნის რაიონში დისლოცირებული სამხედრო ბაზების დასათვალიერებლად მიიწვია. თუმცა სამმა მთავარმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანმა არჩევნებმა“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ ეს შეთავაზება არ მიიღეს.
მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „სამხედრო ბაზის მონახულება ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რისი მოგვარებაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების გზით არის შესაძლებელი“.
24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ სინანული გამოთქვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული უარის გამო და განაცხადა, რომ ე.წ. სპეცუბნებთან დაკავშირებით მომზადებულია კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც „ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებებით „ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ საშუალება, განახორციელონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია ახლომდებარე საარჩევნო უბნებზე და მეორე მხრივ, სამხედრო ნაწილებსა თუ სხვა ქვედანაყოფებში აღარ შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო საკითხებზე 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები სამხედრო ნაწილებში ე.წ. სპეცუბნების გაუქმების თაობაზე. თუმცა ეს რეგულაციები პარლამენტის მისაღებია და ის მიმდინარე კვირაში გარდაბანში დაგეგმილ არჩევნებზე ვერ გავრცელდება.
სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი მოამზადა, რომელიც „სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ისინი დისლოცირებულნი იქნებიან მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სარჩევნო ოლქში“.