PACE-ს ახალმა პრეზიდენტმა გიგი უგულავას ‘პოლიტიკური პატიმარი’ უწოდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ესპანელმა დეპუტატმა პედრო აგრამუნტმა განაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებთან „პოლიტიკური პატიმრების“, მათ შორის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას,  გათავისუფლების საკითხის წამოწევა პრიორიტეტი იქნება.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი თბილისის მერად მუშაობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო – ამ ბრალდებებს თავად უგულავა პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. დეკემბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა იმ მიმართვის დაკმაყოფილებაზე, რომელშიც მას უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ.

25 იანვარს PACE-ს პრეზიდენტად ერთი წლით არჩევის შემდეგ თავის პირველ გამოსვლაში, აგრამუნტმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანი „PACE-ს დეპუტატების უფლებების დაცვა იქნება, რათა მათ, როგორც ევროპის საბჭოსა და საკუთარ ქვეყნებში არჩეულმა დეპუტატებმა, თავიანთი მანდატი შეასრულონ“.

„იმ პირების გათავისუფლება, როგორიცაა უკრაინელი [სამხედრო პილოტი] ნადია სავჩენკო [რომელიც რუსეთის მიერ არის დაკავებული და რომელიც 2014 წელს უკრაინის პარლამენტში იქნა არჩეული] და სხვა პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის საქართველოდან გიორგი უგულავა, და მათი თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც შესაბამისი  ქვეყნების წინაშე დაისმევა“, – განაცხადა აგრამუნტმა, რომელიც  PACE-ში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციას ხელმძღვანელობს და რომელიც ასევე იყო მონაკოსა და აზერბაიჯანში მონიტორინგის პროცესში თანამომხსენებელი.

PACE-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მმართველი კოალიცია ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უგულავას „პოლიტიკურ პატიმრად“ მოხსენიება განპირობებულია აგრამუნტის „პოლიტიკური სიმპათიებით“ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია.

„სახალხო პარტია რომ ღიად ლობირებს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ცნობილი ფაქტია და მათი პოლიტიკური თანამოაზრეობა ხშირად ვლინდება სხვადასხვა ძალიან ტენდენციურ განცხადებებში, მაგრამ ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი აგრამუნტი ახლა უკვე როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დროებით მაინც დაივიწყებს თავის პირად პოლიტიკურ მეგობრებს, პოლიტიკურ სიმპათიებს და ის შეძლებს, რომ თავის საჯარო განცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპების დაცვით მოახდენს რეაგირებებს“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში.

თუმცა ქართული ოცნების დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც PACE-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, მოუწოდა თავის კოლეგებს მმართველი კოალიციიდან, რომ თავი შეიკავონ ასამბლეის ახალი პრეზიდენტის კრიტიკისაგან.

 „მოვერიდებოდი გავაკეთოთ კრიტიკული, განსაკუთრებით პირადად მასთან [PACE-ს ახალ პრეზიდენტთან] დაკავშირებული კომენტარები… რა თქმა უნდა, მას ახასიათებს ტენდენციურობა, ის სახალხო პარტიის წარმომადგენელია – მე არავითარ ნეგატიურ კონტექსტში არ მინდა ეს პარტია მოვიხსენიო, ჩვენ ვიცით მათი აფილირება ჩვენს ოპოზიციასთან [ნაციონალურ მოძრაობასთან]“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ სტრასბურგში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც ოციდან PACE-ის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად იქნა ასევე არჩეული,  ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თავის გამოსვლაშიც შეეხო, როცა მან პედრო აგრამუნტს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო არ არის „გასაწკეპლი ბიჭი, რომელსაც როცა გინდა წამოარტყამ“.

„ჩვენ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ვინაა სრულყოფილი? ვართ იმაზე უკეთესები, რაც ვიყავით და ჩვენი პროგრესი აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ. საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა სამყაროს ამ ნაწილში გახდეს დემოკრატიის პატარა კუთხე“, – განაცხადა ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში.

„ჩვენ აღარ გვსურს, რომ საქართველოში არსებულმა ნებისმიერი პარტიის ევროპელმა ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურმა მომხრეებმა და აპოლოგეტებმა, მათი პოლიტიკური მომავალი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, – განაგრძო მან, „ნება მიბოძეთ ნათლად ვთქვა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არის მონიტორინგი გაუწიოს თანაბარი საარჩევნო პირობების დაცვას. ამ მხრივ ჩვენ მივესალმებით ძიებას, კითხვებს, საარჩევნო და მედიის მონიტორინგს და ფაქტების დამდგენი მისიების ვიზიტებს… თუ შემაშფოთებელი ფაქტები აღმოჩნდება, ამ შეთხვევაში უნდა ვამხილოთ პასუხისმგებელი პირები, ვიმეორებ – კონკრეტული პირები და არა საქართველო“.  

„უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები. პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავის გამოსვლაში ახსენა ერთი ქართველი, რომელსაც  პოლიტიკური პატიმარი უწოდა.  ეს პირი საქართველოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის გასამართლდა. მიხარია თუ არა მე, რომ ეს ადამიანი ციხეში ზის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„საქართველო არ არის გასაწკეპლი ბიჭი, რომელსაც როცა გინდა წამოარტყამ; ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. თუ ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერ სხვა წელს, ეს ორმაგ მნიშვნელობას იძენს საარჩევნო წელს. თუ PACE-მ მხარი უნდა დაუჭიროს  საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას მიმდინარე წელს, პარტიული პრეფერენციები უნდა მოვთოკოთ… ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი სიმპათიები და სისუსტეები, მაგრამ ეს ხომ ჩვენი პირადი საქმეა. პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ლიდერებს, პრეზიდენტებს და ვიცე-პრეზიდენტებს გააჩნიათ მანდატი და მოვალეობა ემსახურონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

„რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები საერთაშორისო ინსტიტუტებს და ამ ინსტიტუტების ლიდერებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბაქრაძემ.

2015 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პედრო აგრამუნტის მოხსენების საფუძველზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის მსგავსად, „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების“ გამო აკრიტიკებდა.  

თავის საინაუგურაციო გამოსვლაში პედრო აგრამუნტმა ასევე განაცხადა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, „საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“.

„უსაფრთხოებისა და გაყინული კონფლიქტების საფრთხეები კვლავ არსებობს მოლდოვას დნესტრიპირეთის რეგიონში, საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა განაგრძოს დებატები ამ „გაყინულ კონფლიქტებზე“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)