„დელტა“ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს საუდის არაბეთს მიაწვდის



"დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა. ფოტო: "დელტა"

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ განაცხადა, რომ მან საუდის არაბეთში მოიგო ტენდერი და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „ასზე მეტ“ ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის.

„დელტამ“, რომელიც 2010 წელს დაარსდა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება, სამშაბათს განაცხადა, რომ კონტრაქტის „საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია“.

„ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება“, – განაცხადა „დელტამ“ თავის პრესრელიზში.

„დელტას“ ცნობით, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში მის კონკურენტებს შორის იყვნენ შემდეგი კომპანიები: Oshkosh Defense; Lenco Armored Vehicles; STREIT Group, და International Armored Group (IAG).

ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების  ყველა ეტაპი და ფინალურ ეტაპზე ამერიკულ კომპანია Lenco BearCat-თან ერთად გავიდა და საბოლოოდ, ამერიკულ კონკურენტს ტექნიკური პარამეტრით აჯობა, აცხადებს "დელტა". საუდის არაბეთთან ხელშეკრულება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა. 

„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პირველი ასეთი სახის კონტრაქტია, რაც, მისი თქმით, ქართული სამხედრო მრეწველობის დიდი წარმატებაა.

მისი ინფორმაციით, „დელტა“ ამჟამად აწარმოებს „წინასწარ მოლაპარაკებებს“ დამატებით ორ კონტრაქტზე, რომელთა საერთო ღირებულებაც 290 მლნ ლარს შეადგენს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)