საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისი ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს იძიებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  „დეტალურად გამოიძიებს“ იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლოა სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის შესრულების დროს.

თავდაცვის სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს განაცხადა, რომ „გრძელდება ბრალდებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობის შესახებ უცხოური სამხედრო ძალების მხრიდან“.

ამ შესაძლო დანაშაულებს, ძირითადად, 2014 წელს ჰქონდა ადგილი, თუმცა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, მათ შესახებ მხოლოდ გასულ კვირებში გახდა ცნობილი.

„გაეროს ერთობლივმა ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ცოტა ხნის წინ გამოკითხა რამდენიმე გოგონა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ მიმართ სექსუალურ ექსპლოატაციას და ძალადობას ჰქონდა ადგილი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან.  ოთხმა გოგომ თქვა, რომ მოძალადეები იმ კონტიგენტიდან იყვნენ, რომელიც ევროკავშირის ოპერაციაშია (EUFOR) ჩართული. ორმა გამოკითხულმა გოგომ განაცხადა, რომ ისინი EUFOR-ის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, დანარჩენმა ორმა კი თქვა, რომ მათ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჰქონდათ სექსუალური კავშირი EUFOR-ის სხვა ჯარისკაცებთან. მაშინ როცა ზოგიერთი ჯარისკაცის წარმომავლობა გაურკვეველი რჩება, სამმა გოგომ განაცხადა, რომ მათ ჰგონიათ, რომ მოძალადეები EUFOR-ის ქართული კონტიგენტის წევრები იყვნენ. შესაძლო ძალადობის დროს ამ ოთხი გოგოს ასაკი 14-16 წლებს შორის მერყეობდა“,  – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებმა ასევე გამოკითხეს გოგო და ბიჭი, რომლებიც შესაბამისად 7 წლის და 9 წლის იყვნენ 2014 წელს, როცა ისინი ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ხუსეინმა გასულ კვირას „ეს შემთხვევები ევროპის, საქართველოსა და საფრანგეთის, ასევე კიდევ ერთი იმ ქვეყანის წინაშე დააყენა, რომლის მიმართაც ანალოგიურ ბრალდებებს დამატებითი მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება“.

კომისარიატმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხივე ადრესატმა დაუყოვნებლივ უპასუხა უმაღლეს კომისარს და აღინიშნა, რომ მათ უკვე დაიწყეს გამოძიება.

„ეს უკიდურესად სერიოზული ბრალდებებია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევები ზედმიწევნით და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, „შესაბამისი ქვეყნების, ისევე როგორც ევროკავშირის პირველადი პასუხები იმედისმომცემია ჩემთვის და აჩვენებს, რომ ისინი ამ საშინელ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად უდგებიან. ჩვენ ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალს ამ შემთხვევებს  და ნებისმიერ სხვასაც, რომლებიც გამოვლინდება იმ ვითარებაში, როცა გაეროს გუნდი ადგილზე აგრძელებს თავის გამოძიებას“.

საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიას 150 კარისკაცით 2014 წლის ივნისში შეუერთდა. ქართული კონტიგენტი ამ მისიაში 85-მდე 2014 წლის დეკემბერში შემცირდა – მათ 2015 წლის მარტამდე იმსახურეს. მას შემდეგ საქართველო მისიაში ხუთი ოფიცრით არის წარმოდგენილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი მიზანია „მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და  ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ“.

სამინისტროს ცნობით, „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა“. მინისტრ თინა ხიდაშელის ცნობით, თანამდებობრივი უფლებამოსილება 6 პირს შეუჩერდა, მათ შორის გენშტაბის უფროსის მოადგილეს რომან ჯოხაძეს, რომლის საკურატორო სფეროც იყო საერთაშორისო მისიები.

„დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

„მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: „მსგავსი ქმედება, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის, არის დასასჯელი და ის პირი არ აქვს მნიშვნელობა არც მის ქვეყანას, არც მის წარმომავლობას, არც სამხედრო წოდებას, აკეთებს უღირსს საქციელს. ჩვენი მიზანია ამჟამად განვახორციელოთ დეტალური გამოძიება და ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოებთან და უწყებებთან, ყველა ზომას ვიხმართ, რათა დადგინდეს სიმართლე და თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, კონკრეტული პიროვნება დაისჯება შესაბამისი სასჯელით“.    

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: „თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია დღევანდელ პრესრელიზში, რომელიც გაეროს მიერ გამოქვეყნდა, კანონის უმკაცრესი მოთხოვნით დაისჯება სწორედ იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედება მთელ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს“.