ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის’ ჯარიმების შემოღებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 2 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“ ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას გახდის.
ქართული ოცნების დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებული ამ საკანონმდებლო დამატების მიხედვით, ამგვარი ქმედება დაისჯება 300 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარამდე გაორმაგდება.
ამავე კანონპროექტის თანახმად, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების „წაბილწვა“ 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენილი ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
თავდაპირველად კანონპროექტით შემოთავაზებული იყო ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ჯარიმას ექვემდებარებოდა „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“.
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, თავდაპირველი ფორმულირება შეიცვალა და დარჩა მხოლოდ „პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების დაცვას შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული.
განხილვისას ბევრი გამომსვლელი აპელირებდა, რომ ამგვარი ცვლილებების მიღების საჭიროება განპირობებულია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე „მასიური შეტევით“, როგორც ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა თქვა. ქობულეთში მუსლიმურ სასწავლებელზე ღორის თავის მიჭედების ფაქტი ასევე იქნა ნახსენები განხილვის დროს.
კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მისი კანონპროექტი საკმაოდ რბილია და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კრიმინალიზებულია – ამ არგუმენტს ხშირად იშველიებდნენ გამომსვლელები, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.
უფლებადამცველი საერთაშორისო კოალიციის End Blasphemy Laws -ს მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონმდებლობის გაუქმებას ლობირებს, "რელიგიური შეურაცხყოფა" ევროკავშირის 13 ქვეყანაში რჩება დასჯადი: კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესპანეთი, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიტვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია და სლოვაკეთი; თუმცა, ეს კანონმდებლობა ფაქტიურად უმოქმედოა და ძალიან იშვიათად გამოიყენება.
2013 წლის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული დანაშაულების ჩამონათვალს უმატებდა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივაზე უარი ითქვა.
2015 წლის იანვარში საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას დაიცვას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)