ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა

ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე „შეაფასებს, თუ კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ნატოს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა“ საქართველოსთვის, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის გახსნით სიტყვაში 11 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთან 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტის ყველა სფეროსთან დაკავშირებით. 

„თბილისში ნატოს და საქართველოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ახალი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს“, – განაცხადა მან.

გარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრისა, რომლის ინაუგურაციაც 2015 წლის აგვისტოში გაიმართა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, არსებითი პაკეტი ასევე მოიცავს რჩევებს და ტრენინგებს, მეკავშირეობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ წვრთნებს და თავსებადობის გაუმჯობესებას.

„დღეს ჩვენ იმ პროგრესს განვიხილავთ, რომელსაც მივაღწიეთ; ასევე შევაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, და განვიხილავთ რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„საქართველო მზად არის გაატაროს პოლიტიკური და უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული რეფორმები, რათა გააუმჯობესოს საკუთარი უსაფრთხოება და ნატოს წევრობას დაუახლოვდეს. საქართველო ჩვენი ერთ–ერთი უახლოესი პარტნიორია და მზად ვართ გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს საზღვრების „დარღვევას“ და მოუწოდა მოსკოვს „გააუქმოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება“.

მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ საბოლოო წევრობისთვის მოემზადოს“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ უნდა გაიაროს „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან.  ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსი, სავარაუდოდ, არ მისცემს MAP–ს საქართველოს წლევანდელ ვარშავის სამიტზე. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ზე გადაწყვეტილება, როდესაც მასზე ალიანსში კონსენსუსი შედგება, ფაქტიურად ნატოში გაწევრიანების მოწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს MAP–ის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა ბრიუსელში 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია წევრობისთვის მოსამზადებლად“.

„თქვენ გაქვთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაქვთ ნატო–საქართველოს კომისია და გაქვთ არსებითი პაკეტი და ჩვენ ახლა წინ მივიწევთ და იმ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტებს ვახორციელებთ, რომელზეც საქართველოსთვის შევთანხმდით ჩვენს ბოლო სამიტზე უესლში 2014 წელს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი ყოველ დღე გამოიყენება საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად და თქვენ უკვე უახლოვდებით ნატოს. წევრობის სამოქმედო გეგმა პოლიტიკური სტატუსია, რომელსაც მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე ანიჭებენ. ამიტომ, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმაზე კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, – განაცხადა მან.

„თუმცა, რასაც მივესალმები არის ის, რომ თქვენ პროგრესირებთ, თქვენს რეფორმებს ახორციელებთ“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.