საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 თებერვალს გერმანიას ეწვევა მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის თემატურ პანელზე – "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ".
პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან და სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ასევე შეხვდება კოლეგებს ნორვეგიიდან და მონტენეგროდან, შესაბამისად, ერნა სოლბერგს და მილო დუკანოვიჩს. დაგეგმილია ასევე პრემიერ კვირიკაშვილის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელიც მიუნხენში 14 თებერვლამდე დარჩება, ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე.