საქართველოს პრემიერ-მინისტრი ICC-ის პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში უასფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს ფატუ ბენსუდას შეხვდა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებული „ტექნიკური საკითხები“ განიხილა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია 13 თებერვალს.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ქართულმა მხარემ ICC-სთან „ღია და გამჭვირვალე“ თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რათა „ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების დანაშაული“.
როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იტყობინება, ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე განმარტა, რომ მისი ოფისი „ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა“ და ასევე ელოდება პასუხს მოსკოვისგან მასთან შეხვედრის თაობაზე.
ჰააგაში განთავსებულმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ 27 იანვარს მისცა ნებართვა ICC-ის პროკურორს სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი იქნა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინ, მისი მსვლელობისას და ომის დასრულების შემდეგ.
გამოძიების დაწყების თაობაზე თავის განაცხადში, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში იქნა წარდგენილი, პროკურორი ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე მიუთითებდა:
- „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
- „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების მიერ“.
მაშინ როცა თბილისი მიესალმა ICC–ის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“.
საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელ დოკუმენტზე, რომის სტატუტზე მიერთებული ქვეყანა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ჰააგაში განთავსებულ სასამართლოსთან – ეს არ შეეხება რუსეთს, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.