საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბერლინში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში 24 თებერვალს შეხვდა.

„მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და ურთიერთობის ცალკეულ მიმართულებებზე. საუბარი ასევე შეეხო პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც შეინიშნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ახორციელებს… საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

„განვიხილეთ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკომისია „მომდევნო კვირებში“ გეგმავდა საქართველოსთვის ვიზების გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო წინადადების წარდგენას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 24 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი ამ წინადადების წარდგენას „მარტის დასაწყისში“ ელის.

ვიზების ლიბერალიზაციაზე ოფიციალური წინადადების წარდგენის შემდეგ, ის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ, რათა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცეთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა „ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე“.