ნაციონალური მოძრაობა „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციას გეგმავს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 6 მარტს ის საპროტესტო აქციას გამართავს იმ, როგორც ის აცხადებს, საეჭვო მიზნების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში აქვს დასახული.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ აქციის დროს კანცელარიიდან რუსეთის საელჩოს შენობამდე ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება. მანძილი კანცელარიიდან, რომელიც თავისუფლების მოედნის სიახლოვეს მდებარეობს, რუსეთის საელჩოს შენობამდე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის ბოლოშია განთავსებული, ხუთ კილომეტრზე მეტია.
სერგო რატიანმა განაცხადა 24 თებერვალს, რომ საქართველოს მთავრობა და კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პირდაპირ ლობირებენ „გაზპრომის“ და რუსეთის ინტერესებს და „ეს ლობირება ხდება საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ“.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთავრობა „გულდაგულ მალავდა“ მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ და საზოგადოებამ ამის შესახებ რუსული მხარის მიერ სექტემბრის ბოლოს გაკეთებული განცხადებიდან შეიტყო. ენერგეტიკის მინისტრის „ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო“ განცხადებები მოლაპარაკებების შესახებ „აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში“, განაცხაად ბაქრაძემ 24 თებერვალს.
„ამიტომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ქვეყნის "გაზპრომის" ეპოქაში შეტრიალება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოში კვლავ სიბნელე და სიცივე იყოს, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოში "გაზპრომის" და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს“, – განაცხადა მან.
- საპროტესტო აქცია „არა გაზპრომს“ თბილისში გაიმართა
- აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები სამ საკითხზეა ფოკუსირებული: ტრანზიტის გადასახადის შესაძლო მონეტიზაცია, რათა რუსეთმა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ის ნაცვლად, საქართველოს ფულადი ანაზღაურება გადაუხადოს; მონეტიზაციის შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობა და იმ გაზის ღირებულება, რომლის შეძენაც საქართველოს მოუწევს გაზის იმ მოცულობის ჩასანაცვლებლად, რომელსაც ახლა ქვეყანა ტრანზიტის გადასახადის სახით იღებს; ასევე კონტრაქტის ვადები.
ამჟამად საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებს; „გაზპრომს“ სწორედ ამ სატრანზიტო საფასურის მონეტიზაცია სურს.
მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს საკმარის თანხას იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის გაზი შეიძინოს, რასაც ის ახლა ტრანზიტის საფასურად იღებს.
ბოლო შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს და „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შორის ვენაში 19 თებერვალს გაიმართა, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
„ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, მაგრამ გააჩნია რა იქნება ეს თანხა – სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა 25 თებერვალს.
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წინა რაუნდებზე უთანხმოების საკითხს ასევე წარმოადგენდა შესაძლო ახალი კონტრაქტის პირობების ხანგრძლივობა. რუსული კომპანია დაჟინებით ითხოვდა გრძელვადიან, მრავალწლიან კონტრაქტს, რასაც საქართველოს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მოკლევადიან კონტრაქტს ითხოვს.
საქართველო იმედოვნებს, რომ დეფიციტის შევსებას, რომელიც ქვეყანას ზამთრის პიკური მოხმარების დროს ექმნება, მაშინ შეძლებს, როდესაც 2018–2019 წლებში შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულების შედეგად გაზის მეტი მოცულობის მიღება გახდება შესაძლებელი.
საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს – ერთია SOCAR-ის მართული გაზსადენით მოწოდებული მოცულობები და მეორეა BP-ის მართული სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც შაჰ-დენიზიდან გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით უზრუნველყოფს.
ამ ორმა წყარომ 2015 წელს საქართველოს მთლიანი გაზმომარაგების 88.5% შეადგინა.
შარშან საქართველომ „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასურად 200 მლნ კუბური მეტრი გაზი ნატურით მიიღო და დამატებით ამისა, 75 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზი იყიდა, რამაც გასულ წელს საქართველოს გაზის იმპორტის მთლიანი მოცულობის 11% შეადგინა.
მარიამ ვალიშვილმა, რომელიც 2008 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა, განაცხადა თვის დასაწყისში, რომ თბილისი 2011 წლიდან ამაოდ ცდილობს შაჰ–დენიზის კონსორციუმიდან ზაფხულისა და ზამთრის პერიოდებს შორის გაზის იმგვარი გადანაწილების მიღწევას, რომ მეტი გაზი მიიღოს ზამთარში და ნაკლები ზაფხულში.
საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაზე, რომელსაც 10 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა უმასპინძლა, მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოლაპარაკებებმა „გაზპრომთან“ ბიძგი მისცა SOCAR–ს, რომელიც ამჟამად შაჰ–დენიზის კომერციული ოპერატორია, რომ ზამთარსა და ზაფხულს შორის გაზის მოწოდებების ცვლილებებზე მოლაპარაკებები დაეწყო.
SOCAR–მა განაცხადა იანვრის ბოლოს, რომ მან მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიასთან ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის გაზის მოწოდების 50 მილიონი კუბური მეტრით გაზრდის თაობაზე. ვალიშვილმა განაცხადა, რომ მართალია ეს მაინც არ არის საკმარისი დეფიციტის შესავსებად, მაგრამ ახალი სქემა წინაზე უკეთესია.