პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძის, თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად.
„ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავის პროფესიონალიზმით და პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე – გირგვლიანის საქმეზე – წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა წარდგენის დროს, "დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“.
ანა დოლიძე 2004 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარეობდა, 2006 წლიდან კი აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში, რომლის მთავარი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის საქმეში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯა იყო. 2007 წლიდან მან აშშ-ში განაგრძო სწავლა, სადაც შემდგომში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2015 წლის მაისში კი დოლიძე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილედ დაინიშნა.
პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ანა დოლიძე გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის ლევან მურუსიძის ადგილს დაიკავებს უზენაეს სასამართლოში; ამ უკანასკნელს 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, გასულ კვირას შეუწყდა უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, რადგან დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ იქნა გამწესებული.
წარდგენის შემდეგ დოლიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია "ახალი, კომპეტენტური" კადრების ყოფნა სასამართლოში იმ ფონზე, როცა ამ სისტემის „გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი“ მიმდინარეობს.
ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 14 წევრია, თუმცა ეს რაოდენობა სულ ცოტა 16-მდე გაიზრდება მას შემდეგ, თუ პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.