ექიმების თქმით, პეტრიაშვილი ‘აბსოლუტურად’ გამოჯანმრთელდება
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, რომელზეც 26 თებერვალს შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ექიმების თქმით, „აბსოლუტურად“ გამოჯანმრთელდება.
პეტრიაშვილს, რომლის ექიმების თქმითაც, 26 თებერვალს მას წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია, ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურებში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მესამე ტყვია „თირკმელთან“ ახლოს გაჩერდა და ამ ეტაპზე ექიმები არ მიიჩნევენ საჭიროდ მის ამოღებას, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ იმედაძემ.
„მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და კითხვებს გვისვამენ, რომ მის დაინვალიდებას ხომ არ ექნება ადგილიო – ასეთ მდგომარეობას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა იმედაძემ და დასძინა, რომ ის „აბსოლუტურად“ გამოჯანმრთელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თბილისში მეგობრის, ლევან მიქელაძის საფლავზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს.
ჯერჯერობით შსს–ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია თავდამსხმელების ვინაობის ან მოტივების შესახებ.
„არ მინდა წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩება და დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „რუსთავი 2“–ს 26 თებერვალს მას შემდეგ, პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა.
დეპუტატმა ნინო გოგუაძემ თავისუფალი დემოკრატებიდან განუცხადა ჟურნალისტებს 27 თებერვალს, რომ თავდასხმა განხორციელდა ორი „კარგად გაწვრთნილი“ უცნობი პირის მიერ, რომელთაგანაც ერთს ნიღაბი ეკეთა და მეორეს სახე დაფარული ქონდა. „არც ერთ ამ თავდამსხმელს ალექსი არ იცნობდა“, – განაცხადა მან.
გოგუაძის თქმით, ეს იყო „შეკვეთილი“ თავდასხმა და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან.
შსს–ს ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში პეტრიაშვილი სამ სხვა პირთან ერთად იმყოფებოდა სასაფლაოზე. პოლიცია მათ ვინაობას არ ამხელს, თუმცა „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ ერთ–ერთი მათგანი კახა საკანდელიძე იყო, რომელმაც ტელეკომპანიას მოკლე სატელეფონო კომენტარში უთხრა, რომ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა და ერთ–ერთს ნიღაბი ეკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)