ტყიბულის მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ტყიბულის მაღაროელები, რომლებიც ორ კვირაზე მეტხანს იყვნენ გაფიცულები, სამშაბათს სამუშაოს დაუბრუნდნენ მას შემდეგ, რაც კომპანია „საქნახშირთან“ ხელფასების ეტაპობრივად 10%–იან ზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საგაფიცვო კომიტეტის წევრებსა და „საქნახშირის“ მმართველ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორშაბათს საღამოს შეთანხმება იქნა მიღწეული.

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის ორგანიზაციაც არ ყოფილა ამ გაფიცვის ორგანიზატორი, და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

მაღაროელებმა გაფიცვა თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყეს ხელფასების 40%–ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

მანამდე 29 თებერვალს, ვიდრე მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი შეთანხმებით დასრულდებოდა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელფასების 5%–ით ზრდა მაქსიმუმი იყო, რისი შეთავაზებაც კომპანიას შეეძლო. მოლაპარაკებების ფინალურ რაუნდამდე, კომპანიამ ასევე გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების მიზნით, რაც გაფიცვის გამო სამუშაო პროცესის ხანგრძლივ შეჩერებას უკავშირდებოდა, მაღაროს რამდენიმე უბნის დახურვას განიხილავდა.

თავდაპირველად, როდესაც გაფიცვა დაიწყო, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებდა, რომ ხელფასების მომატება შეუძლებელი იყო ქვანახშირზე მოთხოვნის და ფასების კლების გამო.

საბოლოო შეთანხმების თანახმად, იმ მუშებს, რომლებიც მიწისქვეშა მაღაროში არიან დასაქმებულნი და რომელთა ხელფასებიც შეთანხმების მიღწევამდე, 600–1000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, 1 მარტიდან 7%–ით, ხოლო 1 აპრილიდან კიდევ 3%–ით მოემატებათ ანაზღაურება. გაფიცვის დღეებს, 14–29 თებერვლის ჩათვლით კი კომპანია მაღაროელებს სანახევროდ აუნაზღაურებს.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან აიღო ვალდებულება, რომ ეტაპობრივად უზრუნველყოფს ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხელფასებში შეუსაბამობების საკითხი მოაგვაროს.

მან განუცხადა Civil.ge–ს 1 მარტს, რომ პროფკავშირები და საგაფიცვო კომიტეტი ერთობლივად გააკონტროლებენ შეთანხმების შესრულებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იტოვებს უფლებას, რომ სასამართლოში აწარმოოს დავა წინა შეთანხმებაზე, რომელიც 2011 წლის გაფიცვის დროს იქნა მიღწეული. ამ შეთანხმების თანახმად, კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ ინფლაციის შესაბამისად გაეზარდა ხელფასები. თუმცა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ამ შეთანხმებას მემორანდუმს უწოდებს და იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტად არ განიხილავს. 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების მფლობელია, ქვეყნის ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჰოლდინგია და მისი ბიზნეს პორტფელი  მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას,  ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. ჰოლდინგი დავით ბეჟუაშვილმა დააფუძნა. ის სტაჟიანი დეპუტატია და 2013 წლის ნოემბრამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილი, ინდუსტრიული ჯგუფის არა–აღმასრულებელი დირექტორია, 2005–2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი და 2013 წლის ბოლომდე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

ინდუსტრიული ჯგუფი ტყიბულის ქვანახშირს ცემენტის მწარმოებელ ქარხნებს აწვდის საქართველოში, რომლის მფლობელიც HeidelbergCement საქართველოა, რომელშიც  გერმანული HeidelbergCement  75%–ს ფლობს, ხოლო დანარჩენი წილები ინდუსტრიულ ჯგუფთან ასოცირებული კომპანიის საკუთრებაა. გელა ბეჟუაშვილი  HeidelbergCement საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.