ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს

თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან 8 მარტს, თერთმეტი დღის თავზე გაწერეს საბურთალოს სასაფლაოზე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმიდან, რის შედეგადაც მან სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა და სხეულის სხვა დაზიანებები მიიღო. 

პეტრიაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ყავარჯნებით გამოსვლისას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესროლეს და თან ჩაქუჩი და ბეისბოლის ჯოხი ურტყეს, „მაინც კარგ სპორტულ ფორმაში ვარ“.

იმავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც 26 თებერვალს პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ერთ–ერთი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის თქმით, მისი კიდევ ერთი თანამზრახველის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატმა მარინა ფილაურმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც მას თავდასხმის მოტივებზე და ასევე იმაზე ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა თავდასხმამდე ბრალდებულს პეტრიაშვილთან რაიმე ურთიერთობა, რომ მისი კლიენტი დუმილის უფლებას იყენებს და ის, როგორც მისი დამცველი, ვერაფერს იტყვის.

„ერთ რამეს ვაცხადებ: არ არის პოლიტიკური“, – განაცხადა მან.

პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ბრალდებული გამომძიებლებს ჩვენებას აძლევდა, თუმცა მოგვიანებით, ადვოკატის რჩევით, მან დუმილის უფლების გამოყენება გადაწყვიტა.

„ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ პირადი მოტივი არის – ამ ეტაპზე“, – განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს დეტალების დაკონკრეტების გარეშე და დასძინა, რომ როგორც გამომძიებლებს ბრალდებულმა დუმილის უფლებით სარგებლობამდე უთხრა, ის და პეტრიაშვილი იცნობდნენ ერთმანეთს თავდასხმამდე; თუმცა, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ამას ბრალდებულის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობდა. 

სასამართლო სხდომის დროს, პროკურორმა უთხრა მოსამართლეს, რომ ბრალდებული აღარ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს აცხადებს თანამზრახველის დასახელებაზე. პროკურორის თქმით, ბრალდებული მეორე თავდამსხმელის არსებობასაც უარყოფს და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

პეტრიაშვილმა კატეგორიულად უარყო ბრალდებულთან რაიმე ურთიერთობა თავდასხმამდე და განაცხადა, რომ თავდასხმა სხვა პირმა დაუკვეთა.

მან ასევე განაცხადა, რომ მეორე თავდამსხმელისგან განსხვავებით, ამჟამად დაკავებულ პირს ნიღაბი არ ეკეთა.

„მე ყველა დეტალი მახსოვს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელსაც კვლავ ეტყობა დალურჯებები სახეზე.

მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქმე ვერ ჩაითვლება გახსნილად, სანამ არ დააკავებენ მეორე თავდამსხმელს და თავდასხმის „დამკვეთს“.

8 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის მეგობარი და ბიძაც დააკავეს იმ ბრალდებით, რომელიც პეტრიაშვილის საქმესთან არ არის კავშირში. მისი მეგობარი ნარკოტიკების უკანონო შენახვის ფაქტზე, ხოლო ბიძა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით არიან დაკავებულები. პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ ქმედებათა მიზანი მის კლიენზე ზეწოლის მცდელობაა, რაც პროკურორმა უარყო.