სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები აქციით გააპროტესტა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერით: „ნუ მითვალთვალებ“, „გაეთრიე ჩემი საძინებლიდან“; ბანერზე კი წერია: „უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“, რაც მინიშნებაა კანონმდებლობაზე, რომელშიც ცვლილებები 2014 წლის ბოლოს შევიდა, და კამპანია "ეს შენ გეხებას" წინააღმდეგობის მიუხედავად, საშუალება მისცა უშიშროების სამსახურებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციებზე პირდაპირი წვდომა შეენარჩუნებინათ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა შაბათს თბილისის ცენტრში პირადი ცხოვრების უფლების უკანონოდ დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა.
მომიტინგეებმა ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, 19 მარტი, 2016. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ეფექტური გამოძიებისკენ და ყველა იმ პირის დასჯისკენ მოუწოდებდნენ, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გადაღების და გავრცელების უკან დგანან. მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ გამოძიებაში „საერთაშორისო ექსპერტები“ ჩართოს. აქციის მონაწილეები ასევე კანონმდებლობის გამკაცრებას, რაც, როგორც ისინი აცხადებენ, „უკანონო თვალთვალის“ პრევენციული ზომა იქნება და ასევე, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვენ, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს გამოიძიებს.
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
14 მარტს რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ. მუქარის ტექსტი თან ახლდა გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო. მუქარის ადრესატები სამი პოლიტიკოსი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არიან, რომელთაც მოუწოდეს 31 მარტამდე უარი თქვან საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსეს. ამ მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს ფარულად ჩაწერილი ინტიმური კადრების ამსახველი ცალკე ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)