თბილისი და სოხუმი გალის რეგულარული შეხვედრების განახლებაზე შეთანხმდნენ

სოხუმი და თბილისი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლებაზე  შეთანხმდნენ, რომელიც ოთხი წლის წინ მას შემდეგ შეწყდა, რაც აფხაზურმა მხარემ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების 35–ე რაუნდი 23 მარტს გაიმართა.

დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ; მოლაპარაკებებს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება ადგილზე არსებული უსაფრთხოების საკითხები. მაშინ როცა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, რომელშიც  თბილისის, ცხინვალის, ადგილზე განთავსებული რუსული ჯარებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რეგულარულად იმართება (ის მხოლოდ გარკვეული დროით 2010 წელს შეჩერდა), ამგვარი შეხვედრები აფხაზეთის მიმართულებით 2012 წლის აპრილიდან შეჩერებულია. თავდაპირველად აფხაზურმა მხარემ იმ მიზეზით თქვა უარი მონაწილეობაზე, რომ მაშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სოხუმის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული  ანდჟეი ტიშკევიჩი ხელმძღვანელობდა.  თუმცა, გალის შეხვედრები მას შემდეგაც კი არ განახლებულა, რაც 2013 წლის ზაფხულში ტიშკევიჩს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ორწლიანი ვადა ამოეწურა.

ჟენევის დისკუსიების 35–ე რაუნდის შემდეგ თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ „შეხვედრის დროს მონაწილეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენაზე“.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ „ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე“, რომელიც თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა „დადებით“ მოვლენად შეაფასეს.

„ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე შეთანხმება… აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დადებითი შედეგია“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე, ასევე მიესალმა შეთანხმებას და ის „უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად“ შეაფასა.

ჟენევის დისკუსიებზე აშშ–ის დელეგაციამ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ ის „მიესალმება ქართველი და აფხაზი მონაწილეების შეთანხმებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლების თაობაზე“. 

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გერნოტ ერლერი მიესალმა გალის შეხვედრების განახლებაზე შეთანხმებას, როგორც „მნიშვნელოვან ნაბიჯს ნდობის, პროგნოზირებადობის და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით“ და შეხვედრის რაც შეიძლება მალე ჩატარებისკენ მოუწოდა.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები და თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის პატიმრების გაცვლას, რასაც 10 მარტს ჰქონდა ადგილი.

თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ჟენევის დისკუსიების 35–ე რაუნდზე „მონაწილეებმა ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური“ და ასევე განიხილეს „გადაადგილების თავისუფლებასთან და საზღვარგარეთ მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ჰუმანიტარული სიტუაცია, მათ შორის უგზოუკვლოდ დაკარგულების, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვის საკითხები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების 35–ე რაუნდი „საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში“ წარიმართა, როგორც ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" იტყობინება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 24 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომ მოლაპარაკებების 35–ე რაუნდის დროს, „აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის ზრდასთან დაკავშირებით“.

„ვინაიდან თბილისი კვლავ ინარჩუნებს პრეტენზიებს ორივე დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ქართული არმიის თავდასხმითი პოტენციალის გაძლიერება და საქართველო–ნატოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების რაოდენობის ზრდა სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს და ძირს უთხრის მრავალმხრივ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე, არის ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურა, ასევე დევნილთა დაბრუნება, რაზეც მონაწილეები უკვე დიდი ხანია პროგრესს ვერ აღწევენ.

„თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მოსაზრებების გაცვლას, რასაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 14–15 ივნისისთვის დაიგეგმა.