საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტში მონაწილეობს, რომელიც 31 მარტს გაიხსნა.
სამიტი, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ 2010 წელს ჩაუყარა საფუძველი, წელს უკვე მეოთხედ იმართება. საქართველომ წინა სამიტებშიც მიიღო მონაწილეობა. პირველ ორ სამიტში საქართველოს დელეგაციას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა 2010 და 2012 წლებში; 2014 წელს ჰააგაში გამართულ სამიტში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
2015 წლის დეკემბრის ბოლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საქართველოს 1.83 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანის გატანაში აღმოუჩინა დახმარება. გამდიდრებული ურანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტიდან გაიტანეს და მისი რეპატრიაცია რუსეთში განხორციელდა.
იანვარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის დაკავების თაობაზე, რომელთაც რადიოაქტიური ნივთიერების ცეზიუმ–137 გაყიდვის მცდელობაში ედებოდათ ბრალი.