თურქული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს

თურქეთის საზღვაო ფრეგატი TCG Yavuz (F240)  ბათუმის პორტში ორდღიანი ვიზიტით 3 აპრილს შევიდა.

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს სოციალური მედიით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქულ ფრეგატს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge–ს კვირას, რომ ეს დაგეგმილი ვიზიტია, რომლის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი მოსამზადებელი წვრთნები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

თებერვლის შუა რიცხვებში ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) ოთხი გემი, მათ შორის ორი თურქული საზღვაო ხომალდი, სტუმრობდა.