პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, რასაც პარლამენტში სამი მოსმენით კენჭისყრა სჭირდება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოეხსნება ვალდებულება, რომ დატოვოს თანამდებობა, თუ ის ქართული ოცნების პარტიულ სიას ჩაუდგება სათავეში ან მაჟორიტარად გადაწყვეტს კენჭისყრას 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. 4 აპრილს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარესთან ერთად, პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც დამტკიცდება.

4 აპრილს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებული ახალი კანონპროექტის ავტორები ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი, კონსერვატორი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და რესპუბლიკელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არიან; ეს უკანასკნელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად კანონპროექტის ინიციატორიცაა.

მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის წევრები იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში ფიგურირებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციაში არ გატარდებიან.  

ახალი ინიციატივის თანახმად, ამგვარი ვალდებულებისგან მხოლოდ პრემიერ-მინისტრი გათავისუფლდება და არა მინისტრები; შესაბამისად, მხოლოდ პრემიერ-მინისტრს შეეძლება თანამდებობის შენარჩუნების პირობებში გახდეს დეპუტატობის კანდიდატი და აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა წარმოდგენილი ინიციატივა და ხელისუფლება კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ ცვლილებების აუცილებლობა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში იმით არის ახსნილი, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ შეესაბამება  „დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას“, სადაც პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, "არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისს საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება“.

ცვლილებების ავტორებს მათი ინიციატივის სასარგებლო კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ ის წესი, რომ თუ პრემიერ-მინისტრი არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობას დატოვებს, ეს მთავრობის გადადგომას და  ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას გააჩენს.

„ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატთან შეუთავსებელ თანამდებობებად დარჩება: პრეზიდენტი და მისი მრჩევლები; საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მინისტრები; უშიშროების საბჭოს წევრები, პრემიერ-მინისტრის და დეპუტატების გარდა; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი  და მისი მოადგილეები; გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; მოსამართლეები; იუსტიციის საბჭოს წევრები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო  უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;  კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.