პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს 8 ოქტომბრის არჩევნების სამი თვით ადრე დანიშვნისკენ მოუწოდა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს უკან დაუბრუნა 5 აპრილს გამოცემული განკარგულებები არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ და ამ სამართლებრივი აქტის იმ დროისთვის გამოცემისკენ მოუწოდა, რომ მისი გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ათვლა არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყოს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისა და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბრისთვის დანიშნა და შესაბამისი განკარგულებები, რომელთა ამოქმედების ვადად 8 აგვისტო მიუთითა, პრემიერ-მინისტრს მომდევნო დღეს, 6 აპრილს გადაუგზავნა კონტრასიგნაციისთვის, რისთვისაც კვირიკაშვილს 10 დღე ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად; თანხმობის შემთხვევაში კი დოკუმენტი ოფიციალურად უნდა გამოქვეყნებულიყო.
საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება, რაც თავის მხრივ მთელი რიგი შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედებას იწვევს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის და ასევე მედიის მიერ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით.
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის განკარგულებების ამოქმედების ვადად 8 აგვისტოს მითითება, რაც პრეზიდენტმა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მოტივით ახსნა, გაურკვევლობას იწვევდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხში ხელისუფლებას მეტი სიცხადის შეტანისკენ მოუწოდეს.
14 აპრილს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის (შაბათი დღე) შერჩევა პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, თუმცა მისი თქმით, „იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება“.
მისი თქმით, ამ „ხარვეზის“ აღმოსაფხვრელად კონტრასიგნაციაზე უარის თქმა და განკარგულებების მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტისთვის უკან დაბრუნება გადაწყდა, რათა მან ეს სამართლებრივი აქტები ხელახლა იმ დროისთვის გამოსცეს, რომ მათი გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებას დაემთხვეს.
„რაც შეეხება [წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების] თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა და სხვადასხვა პარტიების მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ორი თვის ვადასთან დაკავშირებით, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რათა გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ,“ – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.