პრეზიდენტი აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის 8 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის თაობაზე განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს და არა ივლისში, როგორც მას ამისკენ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა მას შემდეგ, რაც ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის თავდაპირველ სადავო განკარგულებას.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისა და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბრისთვის დანიშნა და მთავრობას კონტრასიგნაციისთვის მომდევნო დღეს, 6 აპრილს გაუგზავნა შესაბამისი განკარგულებები, რომელთა ამოქმედების ვადად 8 აგვისტო მიუთითა, როგორც პრეზიდენტმა თქვა, კამპანიასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მოტივით. თუმცა კანონმდებლობა კამპანიის ოფიციალურ დაწყებას პირდაპირ უკავშირებს არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას, რაც კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებას მომდევნო დღეს უნდა მოყვეს. პრემიერ-მინისტრმა ამ „ხარვეზის“ გამო უარი თქვა კონტრასიგნაციაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილს 5 აპრილს გამოცემული განკარგულებები მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა და ხელახალი სამართლებრივი აქტის იმ დროისთვის გამოცემისკენ მოუწოდა, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე, 8 ივლისს დაიწყოს.
”არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც ხელი არ მოეწერა დღეს, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი – აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება, რომ უფრო ადრეც დაინიშნოს“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 14 აპრილს ჟურნალისტებს.
„შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე“, – განაგრძო მან, „ეს იქნება დადებითი, რადგან ხუთი თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვის, ხოლო თუ კიდევ რამე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან“.
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ხელფასის ორმაგ ოდენობას იღებენ, კანონით განსაზღვრული რეგულაციის მიხედვით.
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომელთაც გააკრიტიკეს თავდაპირველ განკარგულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობა, განაცხადეს, რომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით უმჯობესი იქნება, თუ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მოიცავს სამ თვეს და არა ხუთ თვეს.
კანონმდებლობის მიხედვით, თუ მთავრობა მეორედაც არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.